ალეკო ელისაშვილი - მაჟორიტართა ბაზრის დირექტორად ნუ წარმოუდგენია გიგა ბოკერიას თავი, სად დავდგები მაჟორიტარად, ჩემი გადასაწყვეტია
გიგა ბოკერიას დალაგებულ სქემებში არასოდეს მიმიღია მონაწილეობა და არც სამომავლოდ ვაპირებ, – ასე გამოეხმაურა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას.
როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, გიგა ბოკერიას „დალაგებულ სქემებში არასოდეს მიუღია მონაწილეობა და არც სამომავლოდ აპირებს“.
„ღმერთმა დამიფაროს, რომ ბოკერიასა და უგულავას რამეში ვევაჭრო. საინტერესოა, ბოკერიას რა წარმოდგენა აქვს თავის თავზე, რომ არის ოპოზიციის პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი, მივდივართ მასთან და ვთხოვთ, რომ კურთხევა მოგვცეს რომელიმე მაჟორიტარზე. ერთი კვირა მეხვეწებოდნენ შეხვდრას, მაჟორიტარებზე შენი აზრი გვითხარიო. იმ შეხვედრის შემდეგაც მთხოვდნენ, ისევ შეხვედრას და მე ვპასუხობდი, აზრს ვერ ვხედავთქო. ბოკერიას დალაგებულ სქემებში არასოდეს მიმიღია მონაწილეობა და არც სამომავლოდ ვაპირებ. გაუთავებელ შაირობაში ბოკერიასთან და უგულავასთან ჩართვას არ ვაპირებ. ისინი ისე დაეცნენ, დიდი ცხვირი და ასეთი მდაბიური ლაპარაკი დაიწყეს. ვიცი, რომ დიდი ცხვირი მაქვს, მთავარია, დიდი ცხვირი კორუფციაში არ ჩაყო, თორემ თავად დიდი ცხვირი პრობლემა არ არის. გადაწყვეტილებას თავად მივიღებ, სად დავდგები მაჟორიტარად ჩემი გადასაწყვეტია და არა ბოკერიასი. სტამბოლის მონათა ბაზრის და მაჟორიტართა ბაზრის დირექტორად ნუ წარმოუდგენია გიგა ბოკერიას თავი. საკუთარ პარტიას მიხედოს.
შეხვედრაზე პირადად დავით ბაქრაძე მწერდა, მთხოვდა ერთი კვირა, შევხვდი და იქ ბოკერიაც მოვიდა და მკითხეს, მაჟორიტარებზე რას ფიქრობო, მე ვუთხარი რასაც ვფიქრობდი და თუ დავდგებოდით ორ ოლქში აუცილებლად მოვიგებდით, ეს იყო და ეს. რა უნდა მევაჭრა, ეგ ანაწილებს მაჟორიტარებს?! ძალიან გულისამრევია ეს ყველაფერი და ის, რაც პოლიტიკაში აქამდე ხდებოდა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა, რომ ეს ამოვატრიალო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.