ალეკო ელისაშვილი - ხალხის ხარჯზე გამდიდრებულმა ადამიანებმა რამდენი ბანერიც უნდა გამომიკრან და ალეკო მიყვარხარო მიწერონ, მე ვარ ამ სისტემის წინააღმდეგი
ოქრიაშვილებს თუ აქვთ ბიზნესის კეთების უნარი, იყვნენ ბიზნესში, მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის. რაც არ უნდა ბანერები გამოფინონ, ადამიანების მიმართ არასოდეს გული არ შემომიბრუნდება ასეთი , – ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა დმანისში განაცხადა, სადაც მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის წინააღმდეგ აქციის ჩასატარებლად ჩავიდა.
ალეკო ელისაშვილმა კომენტარი გააკეთა ოქრიაშვილის მიერ გამზადებულ ბანერებზე და მას „ღიმილის მომგვრელი დახვედრა“ უწოდა.
„ჩვენი ჩამოსვლის მიზანია ხალხს დაველაპარაკოთ და ავუხსნათ, მაგრამ ბევრი ახსნა არ სჭირდება, რადგან აქეთ გვეუბნებიან. სანამ ასეთი სისტემა იარსებებს შერეული, სადაც მაჟორიტარების როლი იქნება მნიშვნელოვანი, მანამდე მაჟორიტარები იქნებიან მულტიმილიონერები და ხალხის ხარჯზე გამდიდრებულები. ხედავთ, დმანისი არის დაცლილი კახა ოქრიაშვილი კი, არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილის შემდეგ. ეს სისტემა არის დასანგრევი, რადგან ეს ფეოდალიზმი არის დასანგრევი.
ეს ღიმილის მომგვრელი დახვედრაც ბანერით, კახა ოქრიაშვილი ქალაქის შემოსასვლელში, მიანიშნებს, რომ სხვებისგან განსხვავებით ეს დიდად გამოცდილი კაცია, 2004 წლიდან არის და ცხრა პარტია აქვს გამოცვლილი. იგრძნო საითაც უბერავს ქარი და როგორც ჩანს, ალაგებს ბარგს და უნდა აქეთ მხარეს გადმოსვლა. მძაფრი ინსტინქტები აქვს. ამის დასტურია, მეტი არაფრის. იგრძნო, შეირყა „ქართული ოცნება“.
პარლამენტში ხალხის ხარჯზე გამდიდრებულმა ადამიანებმა რამდენი ბანერიც არ უნდა გამომიკრან, სმაილიკები და ალეკო მიყვარხარო მიწერონ, მე ვარ ამ სისტემის წინააღმდეგი და ეს მაჟორიტარულ შერეული სისტემა არის დასანგრევი. ოქრიაშვილებს თუ აქვთ ბიზნესის კეთების უნარი, იყვნენ ბიზნესში, მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის. რაც არ უნდა ბანერები გამოფინონ, არასოდეს გული არ შემომიბრუნდება ასეთი ადამიანების მიმართ“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
ალეკო ელისაშვილს, რომელსაც დმანისში აქცია ჰქონდა დაგეგმილი, წალკისა და დმანისის მაჟორიტარ დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა ბანერები დაახვედრა.
დმანისში ჩასულ ელისაშვილს და მის თანამოაზრეებს დიდი ბანერი დახვდათ წარწერით „სტუმართმოყვარე დმანისი. კეთილი იყოს ოპოზიციის და არამარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში.“