ალეკო ელისაშვილი - კარგია, რომ „ქართული ოცნება“ გონივრულ ნაბიჯებს დგამდა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც შევთანხმდით, დარჩა საკითხები, სადაც აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობაა
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში პოლიტიკურ მხარეებს შორის შეხვედრაზე საკითხების ნახევარზე შეთანხმება შედგა და შეთანხმებული საკითხების ირგვლივ დეტალურად იმუშავეს.
თუმცა, ელისაშვილის თქმით, დარჩა შეუთანხმებელი საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც მკვეთრი აზრთა სხვადასხვაობაა.
ელისაშვილის განმარტებით, იმ საკითხებზე, რაზეც დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, ერთობლივ დოკუმენტს წარადგენენ.
„დღეს ძალიან შრომატევადი დღე გამოგვივიდა, თითქმის ექვსი საათი ვმუშაობდით. ნაწილზე, საკითხების თითქმის ნახევარზე შევთანხმდით და რაზეც შევთანხმდით, იმაზე ვიმუშავეთ ძალიან დეტალურად, ძალიან გულდასმით. კარგი იყო, რომ ძალიან გონივრულ ნაბიჯებს დგამდა „ქართული ოცნება“, რაზეც შევთანხმდით იმ საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, დარჩა შეუთანხმებელი საკითხები, სადაც მკვეთრი აზრთა სხვადასხვაობაა, ცხარე დისკუსიაც გვქონდა ამასთან დაკავშირებით. თუმცა, ასევე, ბოლოს შევთანხმდით, რომ რაზეც დღეს ვიმუშავეთ, რა საკითხებიც გავიარეთ, იმ დეტალებთან დაკავშირებით შეჯერებული პოზიცია გვექნება, შეჯერებულ, ერთობლივ დოკუმენტს წარმოვადგენთ. კიდევ დავუბრუნდებით ამ საკითხს და შევთანხმდით, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება უკვე მეოთხე რაუნდი. ვნახოთ, ეს საბოლოო რაუნდი იქნება, თუ კიდევ სამუშაო რაუნდი. ყოველ შემთხვევაში, ამაზე შეთანხმება გვაქვს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილის თქმით, იმედი აქვს, რომ საბოლოო ჯამში მხარეები კონსენსუსამდე მივლენ.
„დღეს ძალიან კარგად წავიწიეთ წინ, თუმცა დარჩა ისეთი საკითხები, რომელზეც განსხვავებული პოზიციები გვაქვს, მაგრამ ვნახოთ, მოლოდინზე მეტად იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში რაღაც კონსენსუსამდე მივალთ“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილი თავს იკავებს იმაზე საუბრისგან, თუ რა არის შეუთანხმებელი საკითხები. ელისაშვილის განმარტებით, მას სიტყვა აქვს მიცემული და შეთანხმებულია, რომ მოლაპარაკებების დეტალებზე არ ისაუბრებს, რათა პროცესი არ დაზიანდეს.
„სიტყვა გვაქვს ნათქვამი, რომ დეტალებზე არ ვილაპარაკებთ, რომ პროცესები არ დაზიანდეს. ჩვენ შეჯერებული გვაქვს პოზიცია და ამ შეჯერებული პოზიციით ვართ წარმოდგენილი, მეტი შეკრება არ არის საჭირო, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს რაუნდამდე. რაუნდის შემდეგ ვნახოთ, როგორ დასრულდება შეხვედრა.
როგორც კი ეს მოლაპარაკება, ასე, ან ისე დასრულდება, ნებისმიერ საკითხზე, რაც ეხება ამ მოლაპარაკებას ან ეხებოდა ოდესმე, ყველაფერზე ძალინ დაწვრილებით გიამბობთ და გაგცემთ პასუხს. ძალიან ცუდად იქცევა ის, ვინც მედიას მოლაპარაკებების დეტალებს უყვება, ვინ არის, არ ვიცი, გამოძიებასაც ვერ დავიწყებ, მაგრამ ვინც ასეთ რაღაცებს აკეთებს, ძალიან ცუდად იქცევა. სხვებისგან განსხვავებით, მე ჩემი სიტყვის ერთგული ვარ. ერთი სული მაქვს, დეტალებზე ვილაპარაკო, ცხოვრებაში ასე არ დავტანჯულვარ, როგორც ბოლო ერთი თვეა, დავიტანჯე, მაგრამ რა ვქნა, იმ ხალხს პირობა მივეცი და ამ პირობის ერთგული ვარ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. შეხვედრას ოპოზიციის რვა წარმომადგენელი ესწრებოდა, „ქართული ოცნებიდან“ კი მოლაპარაკებაზე არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე იმყოფებოდნენ.