ალეკო ელისაშვილი - გულზე მომეშვა, როცა ბრიტანეთის ელჩის განცხადება მოვისმინე, ის სანდო და ინფორმირებული ადამიანია
გულზე მომეშვა, როცა ბრიტანეთის ელჩის განცხადება მოვისმინე, რადგან ის ბრიტანეთის სახელმწიფოს წარმომადგენელია, ოფიციალური პირი და ძალიან ინფორმირებული ადამიანია. როგორც მაღალი თანამდებობის პირი, დაზვერვის ინფორმაციასაც იღებს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ელისაშვილმა კომენტარი გააკეთა სანქციებთან დაკავშირებით საქართველოში ბრიტანეთის ელჩის მარკ კლეიტონის განცხადებაზე.
როგორც ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ბრიტანეთის ელჩი სანდო ადამიანია.
„რიგითი ადამიანები ან რიგითი დეპუტატები ვერ გავიგებთ იმას, საქართველოს ხელისუფლებისგან ვინმე არღვევს ან არღვევდა თუ არა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. ეს სპეციფიკური ინფორმაციაა, ამას სჭირდება ტექნიკური საშუალებები და ა.შ. უბრალო მოკვდავი ვერ გაიგებს, ვინმე მაიმუნობდა თუ არა რუსეთთან მიმართებით, ქართული ჩინოვნიკი თუ თუნდაც ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, ისეთი დასტური ან უარყოფა გვჭირდებოდა, რაც სანდო იქნებოდა. დიდი ბრიტანეთის ელჩი სანდო და ინფორმირებული ადამიანია. მისი განცხადებით, როგორც საქართველოს ერთ მოქალაქეს გულზე მომეშვა. კარგია, რომ როგორც ჩანს, მსგავსს ცოდვაში საქართველო მხილებული არ არის“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ ომის დასრულების შემდეგ ბევრ რამეს მოეფინება ნათელი.
„რაც შეეხება უკრაინას, რა თქმა უნდა, საქართველოსთან მიმართებით ბევრი განცხადება გულდასაწყვეტი იყო, მაგრამ საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, როგორ დღეშია უკრაინა. რის გამოც ასეთი ცოდვების მესმის, არის ის, რომ დილიდან საღამომდე უკრაინა იბომბება, ბრძოლაშია ჩართული. დარწმუნებული ვარ, ომი რომ დასრულდება, ბევრ რამეს მოეფინება ნათელი, ბევრი რამ გაირკვევა და ხინჯი, რაც ორ ქვეყანას შორის გაჩნდა, დაიძლევა. რა თქმა უნდა, ზოგიერთ უკრაინელ ჩინოვნიკს ზედმეტი მოუვიდა, მაგრამ გაგებით უნდა მოვეკიდოთ, რადგან ეს ქვეყანა ომშია და შეიძლება, ელემენტარული რამე მძაფრად ეჩვენებოდეთ. რა თქმა უნდა, რაც ხდებოდა, მათი მხრიდან დაშვებული შეცდომაა, მაგრამ ამას ის გამართლება აქვს, რომ ჩვენ აქედან, სიმშვიდიდან ვუყურებთ, ისინი კი მძიმე დღეში არიან“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა განაცხადა, რომ არ აქვთ უკრაინის დაზვერვის მსგავსი ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება. მისივე შეფასებით, საქართველო თავის როლს ასრულებს დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების უპრეცედენტო პაკეტის დაცვაში.
ამასთან, ელჩის განმარტებით, იხილა ძლიერი პასუხი ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები მუშაობენ მჭიდროდ, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინიტროები მუშაობენ, რათა არ მოხდეს სანქციებისთვის თავის არიდება.