ალეკო ელისაშვილი - გიორგი ვაშაძემ ორ დღეში რადიკალურად შეცვალა პოზიცია, რა მოხდა მის თავს, არ ვიცი
პირადად არ მქონია გიორგი ვაშაძესთან კომუნიკაცია, მაგრამ ჰქონდათ „გირჩის“ ბიჭებს. გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ არა თუ სიამოვნებით შეგვხვდებოდა, არამედ დიდი სიხარულით შეგვხვდებოდა და იმსჯელებდა რაზეც უნდა გვემსჯელა – კრიზისიდან გამოსავალზე და იმ შეთავაზებაზე, რომ თვითმმართველობის არჩევნები იყოს ერთგვარი პლებისციტი, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„ორ დღეში მან რადიკალურად შეცვალა პოზიცია. ცოტა გაუგებარია ამ პოზიციის მოულოდნელი ცვლილება, რადიკალურად, 180 გრადუსით. არანაირი პრობლემა არ გვაქვს, არ უნდა ინდივიდუალურად შეხვედრა გიორგი ვაშაძეს? როგორ ფორმატშიც უნდა ისე შეხვდებით. ნებისმიერ ოპოზიციონერს ცალ-ცალკეც შევხვდებით და ერთადაც. ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს მხოლოდ, რომ ეს შეხვედრა მიმდინარეობდეს ჩართული კამერებით, შემდეგ ამას სპეკულაციები რომ არ მოჰყვეს. აქ ქვეყნის ბედზე ვლაპარაკობთ, პირადად რაღაც საქმე კი არ მაქვს გიორგი ვაშაძესთან ან ხაზარაძესთან. არ უნდათ პერსონალური შეხვედრები? როგორც უნდათ ისე შევხვდეთ. როგორი ფორმატიც უნდათ, ისეთი იყოს, ყველანი იყვნენ, ბოკერიაც უნდა იყოს. უბრალოდ, გაუგებარია ორ დღეში რატომ ცვლი პოლიტიკოსი პოზიციას. ერთ დღეს რომ აღტაცებული ხარ ამ შეხვედრის პერსპექტივით და ორ დღეში იძახი, რომ ეს არის მიუღებელი. ამ ორ დღეში რა მოხდა ვაშაძის თავს, არ ვიცი“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ამასთან, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, როდესაც საჯაროდ განაცხადეს, რომ „გირჩი“ და „მოქალაქეები“ გიორგი ვაშაძესთან აპირებდნენ შეხვედრას, ვაშაძეს საწინააღმდეგო პოზიცია არ ჰქონია.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან ახალ-ახალი ინიციატივებით გამოსვლა არასწორად მიაჩნია და ფიქრობს, რომ ნებისმიერი ასეთი საკითხი საერთო ფორმატში უნდა იყოს განხილული.