გიორგი ვაშაძე - ოპოზიციის მხრიდან ახალ-ახალი ინიციატივებით გამოსვლა არასწორად მიმაჩნია, ვფიქრობ, ნებისმიერი ასეთი საკითხი საერთო ფორმატში უნდა განვიხილოთ
გიორგი ვაშაძე - ოპოზიციის მხრიდან ახალ-ახალი ინიციატივებით გამოსვლა არასწორად მიმაჩნია, ვფიქრობ, ნებისმიერი ასეთი საკითხი საერთო ფორმატში უნდა განვიხილოთ

მოლაპარაკებებისთვის ოპოზიციის მხრიდან ახალ-ახალი ინიციატივებით გამოსვლა არასწორად მიმაჩნია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძე აცხადებს, „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა ვერ შედგება, რადგან ის უცხოეთიდან ჩამოსვლის შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფება და ასევე, მისივე თქმით, ნებისმიერი ასეთი საკითხი საერთო ფორმატში უნდა განიხილონ.

„ჩვენ ვერ ვხედავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს ან გზავნილს, რომ ისინი მზად არიან რაიმე ახალ საკითხებზე ვისაუბროთ მოლაპარაკებების პროცესში. აქედან გამომდინარე, მოლაპარაკებებისთვის არასწორად მიმაჩნია ოპოზიციის მხრიდან ახალ-ახალი ინიციატივებით გამოსვლა, რადგან ჩვენ უკვე არაერთი კომპრომისული წინადადებით გამოვედით, იქნებოდა ეს ხელახალი არჩევნების მაგივრად ვადამდელი არჩევნები, პლებისციტი თუ სხვა.

ნებისმიერი თემა შეიძლება განხილულ იქნეს საერთო ფორმატში. ყველას შეიძლება საკუთრი მოსაზრება ჰქონდეს, მაგრამ მთავრია, დავინახოთ, რომ „ქართულ ოცნებას“ რეალურად სურს შეთანხმება. რაც შეეხება კონკრეტულად შეხვედრას „გირჩის“, ან ელისაშვილის წარმომადგენლებთან, პირველი – მე თვითიზოლაციაში ვიმყოფები და ეს შეხვედრა ვერ შედგება, რადგან ახლა ჩამოვედი უცხოეთიდან და მეორე – ვფიქრობ, ნებისმიერი ასეთი საკითხი უნდა განვიხილოთ საერთო ფორმატში, სადაც საერთო პოზიციას ჩამოვაყალიბებთ ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, გვქონდეს რაიმე კონკრეტული წინაპირობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ისინი ნამდვილად მზად არიან შეთახნმებისთვის ამა თუ იმ ვერსიის განსახილველად და პირველ რიგში, მათი მხრიდან უნდა მოდიოდეს ინიციატივები“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დატოვე კომენტარი