ალეკო ელისაშვილი - მეხუთე ადამიანის გათავისუფლებაც ვინმეს თუ უნდა, დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას და ერთად ვიბრძოლოთ
ალეკო ელისაშვილი - მეხუთე ადამიანის გათავისუფლებაც ვინმეს თუ უნდა, დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას და ერთად ვიბრძოლოთ

მოლაპარაკების მაგიდასთან დავრჩით პარტია „მოქალაქეები“ და ერთი კვირაც არ გასულა მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები გაათავისუფლეს. იმ შეხვედრაზე მოლაპარაკების შედეგია ეს ყველაფერი. თუ ვინმეს უნდა, რომ მეხუთე გვარი, რომელიც დარჩა საპატიმროში, ისიც გათავისუფლებული იყოს, ჩვენ ნუ გველაპარაკებიან ნიშნის მოგებით, არამედ დაბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას და ერთად ვიბრძოლოთ იმ ადამიანის გათავისუფლებისთვისაც, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება იმ მოლაპარაკებებს უკავშირდება, რომელიც პარტია „მოქალაქეებმა“ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან პარლამენტში გამართა.

„ძალიან გახარებული ვარ და ბოლო დროს იშვიათად მახსოვს ასეთი გახარებული როდის ვიყავი. ძალიან მიხარია, რომ ორი მეცნიერი  ბოლოს და ბოლოს გარეთაა. დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს. რაც შეეხება იმას, თუ რისი შედეგია. მთელი დღე ვუსმენ და ვისაც არ ეზარება ყველა იბრალებს, რომ თითქოს მათ გაუთავისუფლებიათ. ეს არის მოლაპარაკებების შედეგი. ერთმნიშვნელოვნად და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ თავიდან, როდესაც დავიწყეთ მოლაპარაკება, მაგიდაზე იყო ხუთ გვარი და ხუთიდან ოთხი არის გათავისუფლებული. გათავისუფლებულია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობდა. ბოლოს ისე აღმოჩნდა, რომ დანარჩენი ოპოზიცია გაბუტულია და ქუჩიდან იქნევს მუშტებს. მოლაპარაკების მაგიდასთან დავრჩით პარტია „მოქალაქეები“ და კარგად გაიხსენეთ, ერთი კვირაც არ გასულა მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები გაათავისუფლეს. იმ შეხვედრაზე მოლაპარაკების შედეგია. თუ ვინმეს უნდა, რომ მეხუთე გვარი, რომელიც დარჩა საპატიმროში, ისიც გათავისუფლებული იყოს, ჩვენ ნუ გველაპარაკებიან ნიშნის მოგებით, არამედ დაბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას და ერთად ვიბრძოლოთ იმ ადამიანის გათავისუფლებისთვისაც. ეს არის ძალიან პრინციპული ამბავი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი მოლაპარაკების დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ „ეს იყო საკითხი, რომელსაც ფეხს არ უცვლიდნენ ბოლო მოლაპარაკებებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან“.

„ყოველი მეათე წინადადების შემდეგ ამ საკითხებს ვუბრუნდებოდით და თუ ვინმეს ადარდებს ის ერთი ადამიანი, ვინც დარჩა იმ ხუთი გვარიდან, მაშინ მოვიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. დღევანდელი კარტოგრაფების გათავისუფლება ცვლის ყველაფერს. ჩვენ ვამბობდით, რომ პარლამენტში შევალთ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოთხოვნები შესრულდება-თქო. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ეს. ეს ნდობის აღდგენისკენ არის დიდი და კარგი ნაბიჯი. დღევანდელი გადაწყვეტილება სასამართლოს და პროკურატურის იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და სამართალთან არანაირ კავშირში არ არის. ეს ქმნის კარგ ფონს, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ის და ლევან იოსელიანი წინა კვირას პარლამენტში მოლაპარაკებაზე რომ არ მისულიყვნენ, „დღევანდელი დღე და გათავისუფლება არ იქნებოდა“.

„ეს დაიმახსოვროს ყველამ, რადგან ჩვენ მაგარი ბიჭები კი არ ვართ, იმიტომ რომ მოლაპარაკებების პროცესია მნიშვნელოვანი და დანარჩენი ოპოზიციაც გონს მოეგოს და მოვიდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩვენ ვართ მზად, რომ კიდევ შევხვდეთ „ქართულ ოცნებას“, ინდივიდუალურ რეჟიმშიც, მეხუთე რაუნდის ფარგლებშიც, არ ვიცი ჯერ არც ერთი ვიცით იქნება თუ არა. მზად ვართ, შევხვდეთ და მოლაპარაკებები გავაგრძელოთ. ჩვენთვის პრიორიტეტია საარჩევნო საკითხები.დანარჩენი საკითხები, რასაც ვითხოვდით, ის თუ იქნება შეთანხმებული, გაიხსნება გზა პარლამენტისკენ. ეს არის საარჩევნო საკითხები, საარჩევნო კანონმდებლობის, საარჩევნო ადმინისტრაციის და საარჩევნო წესების ცვლილება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.