ალეკო ელისაშვილი - გახარიას ადგილზე რომ ვყოფილიყავი, ნარკოტესტზე კამპანიას სალაპარაკოდ არ გავხდიდი
ალეკო ელისაშვილი - გახარიას ადგილზე რომ ვყოფილიყავი, ნარკოტესტზე კამპანიას სალაპარაკოდ არ გავხდიდი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას ნარკოტესტის აღება სალაპარაკო არ უნდა გაეხადა.

მისივე თქმით, ამით ის აჩვენებდა, რომ ნარკოტესტთან დაკავშირებით დაწყებულია უაზრო კამპანია.

„გიორგი გახარიას ადგილზე რომ ვყოფილიყავი, ამ საქმეს ასეთ სალაპარაკოს არ გავხდიდი, წავიდოდი და ანალიზს ჩავაბარებდი სამხარაულის ბიუროში თუ ევროპაში, რათა მეჩვენებინა, რომ დაწყებულია უაზრო კამპანია. როდესაც ადამიანის მიმართ არაფერია დამტკიცებული და აბრალებ, რომ „კოკაინშიკია“, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელია. გახარიას აქამდე არ უნდა მიეყვანა, სალაპარაკო არ უნდა გაეხადა, რადგან როცა კამპანია კალაძემ დაიწყო, გასაგები იყო, რომ გახარიასკენ იყო მიმართული“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ მერობის კანდიდატებს ნარკოტესტის გავლა 4 სექტემბერს შესთავაზა.

ინიციატივასთან დაკავშირებით, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ნარკოტესტთან დაკავშირებით სამხარაულის ბიუროში მის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა, რის გამოც თმის ანალიზს ევროპაში ჩააბარებდა.

გუშინ გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ავსტრიაში ნარკოტესტი უკვე ჩააბარა.