ალეკო ელისაშვილი - გაგვიმართლა, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს მეგობრები, რომლებიც არ გვაძლევენ საშუალებას, ერთმანეთი ბოლომდე დავჭამოთ, ცდილობენ, მაგიდასთან დაგვსვან
ალეკო ელისაშვილი - გაგვიმართლა, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს მეგობრები, რომლებიც არ გვაძლევენ საშუალებას, ერთმანეთი ბოლომდე დავჭამოთ, ცდილობენ, მაგიდასთან დაგვსვან

ძალიან კმაყოფილი ვიყავი, როდესაც წავიკითხე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიშელის დავალებით დანიელსონი კიდევ ჩამოვა საქართველოში, რათა მოლაპარაკება გაგრძელდეს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილი იმედოვნებს, რომ ამჯერად მოლაპარაკებები შედეგით დასრულდება.

„კიდევ კარგი, გაგვიმართლა და ჩვენს ქვეყანას ჰყავს ასეთი მეგობრები, რომლებიც არ გვაძლევენ საშუალებას, ერთმანეთი ბოლომდე დავჭამოთ. არ გვაძლევენ საშუალებას, რომ ქვეყანა შუაზე გავგლიჯოთ და ჩიხში შევიყვანოთ. კიდევ კარგი, რომ გვყავს ისეთი მეგობრები, ამ შემთხვევაში ევროკავშირის სახით, რომ ცდილობენ, დაგვსვან მაგიდასთან და ეს ჩვენი შეუთანხმებელი წახნაგები როგორმე დაამრგვალონ და შეთანხმებამდე მიგვიყავნონ. მადლობა ამ გარჯისთვის. იმედი მაქვს, რომ ამ ჯერზე მაინც მოლაპარაკებები შედეგით დასრულდება და დიდი იმედგაცრუება საზოგადოებაში ისევ არ იქნება. ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენს ზურგს უკან არის ხალხი და შევწყვიტოთ ამ ქვეყნის ჯანჯღარი. ხელის გადაწევა არ არის მოლაპარაკებები, მოლაპარაკება უნდა დასრულდეს შეთანხმებით და არა იმით, რომ იქ ვიღაცამ ვიღაცა დაჯაბნოს და ხელი გადაუწიოს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება, რათა მედიაცია გააგრძელოს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ფეისბუქზე დაწერა.