კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება, რათა მედიაცია გააგრძელოს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ფეისბუქზე დაწერა.
„შევაჯამეთ დანიელსონის მედიაციით საქართველოში მიღწეული პროგრესი. დროა, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები.
კრისტიან დანიელსონი კვირის ბოლოს დაბრუნდება საქართველოში იმისთვის, რომ ჩართულ მხარეებს შორის მედიაცია გააგრძელოს“,- წერს მიშელი „ფეისბუქზე“.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისგან საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაცია დაევალა.
დანიელსონმა 12-14 მარტს შეხვედრები გამართა, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ამის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ვიზიტი გაახანგრძლივა. გაიმართა ერთობლივი შეხვედრები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობითაც, თუმცა უშედეგოდ.
დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა. გამგზავრებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე კრისტიან დანიელსონმა იმედი გამოთქვა, რომ პარტიებს ექნებათ კომპრომისის სურვილი, რომელიც შედეგის შესაძლებლობას იძლევა.
მისივე თქმით, დაბრუნდება ბრიუსელში და ყველაფრის შესახებ შარლ მიშელს მოახსენებს.
🇪🇺🇬🇪 I took stock of the progress already achieved in Georgia´s mediation with our special envoy Christian Danielsson. …
Posted by Charles MICHEL on Monday, 22 March 2021