ალეკო ელისაშვილი - დიდი ალბათობით, რუსთავის მაჟორიტარად ბადრი ჯაფარიძეს მხარს არ დავუჭერთ და ჩვენი კანდიდატი გვეყოლება
ალეკო ელისაშვილი - დიდი ალბათობით, რუსთავის მაჟორიტარად ბადრი ჯაფარიძეს მხარს არ დავუჭერთ და ჩვენი კანდიდატი გვეყოლება

ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „მოქალაქეები“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძეს დიდი ალბათობით მხარს არ დაუჭერს და პარტიას საკუთარი კანდიდატი ეყოლება.

როგორც საქართველოს პირველ არხს ელისაშვილმა განუცხადა, ძალიან საწყენია, რომ „ლელომ“ ვერა და ვერ გამოიტანა დასკვნები არაკოლეგიური ქცევებიდან.

„გუშინ არაკოლეგიური საქციელი ვიხილეთ – გამოვიდნენ, პრესკონფერენცია გამართეს და ცხელ გულზე თქვეს, რომ ბადრი ჯაფარიძე საერთო ოპოზიციური კანდიდატი იქნება რუსთავში. ეს არის არაკოლეგიური დამოკიდებულება, ასეთი ქცევა არ შეიძლება. „ლელოსთვის“ ასჯერ მაქვს ნათქვამი, რომ მოვიდნენ და შეთანხმდნენ. პრესკონფერენციას აწყობენ და გვითითებენ, ეს იქნება კანდიდატი და მხარი დაუჭირეთო. ბოდიში, მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმები და მიზნები გვაქვს. დიდი ალბათობით, ბადრი ჯაფარიძეს მხარს არ დავუჭერთ და ჩვენი კანდიდატი გვეყოლება. ამას წყენის და ბრაზის გამო არ ვაკეთებთ. თუ თანხმობა უნდათ, კეთილი ინებონ და წინასწარი კონსულტაცია გაიარონ. ტერიტორიას რომ მინიშნავ და სხვა გზა არ გაქვს, მხარი უნდა დამიჭირო, სწორი არ არის“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

„ლელო“ ბადრი ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგენს.