ალეკო ელისაშვილი - დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი იქამდე მივა, ჩვენთვის ბოდიშის მოხდის ხასიათზეც დადგება
დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი იქამდე მივა, ჩვენთვის ბოდიშის მოხდის ხასიათზეც დადგება, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
ელისაშვილის თქმით, სააკაშვილი ხვდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტზე ხელს თუ არ მოაწერს, პროცესებს მიღმა დარჩებიან.
„როგორც ჩანს, რადიკალიზმის და რევოლუციური ეიფორიის ფიქრების გზიდან სააკაშვილი ჭეშმარიტების გზაზე ბრუნდება. ხვდება, რომ შეთანხმება მნიშვნელოვანია და რეალურად, ის და მისი პარტია პროცესებს მიღმა დარჩებიან, შეთანხმებას თუ არ შეუერთდებიან და პარლამენტში არ შემოვლენ. როგორც ჩანს, ამას ხვდებიან. დარწმუნებული ვარ, თანდათან მიხვდებიან, რომ ამ ხნის განმავლობაში თანაპარტიელს, სალომე სამადაშვილსაც ტყუილად ლანძღავენ და ჩვენც ტყუილად გვაყენებდნენ შეურაცხყოფას. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი იქამდე მივა, რომ პირადად ჩვენთვის ბოდიშის მოხდის ხასიათზეც დადგება იმიტომ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო პრინციპული, სწორი და ქვეყნისთვის სასარგებლო. ბოლოს ხომ ამას ყველა მიხვდა, აგერ სააკაშვილიც ნელ-ნელა ხვდება.
რაც შეება იმას, მელია გირაოს გარეშე გამოვა თუ არ გამოვა. სააკაშვილს არავინ ეკითხება, ვინ როგორ გამოვა. ეს არის პრეზიდენტ მიშელის, ევროპაში ერთ-ერთი ყველზე გავლენიანი და პატივსაცემი პოლიტიკოსის დაწერილი დოკუმენტი, რომელშიც ცვლილებები ვეღარ შევა. სააკაშვილი ნურც თავს იტყუებს და ნურც ნურავის ატყუებს. რაც იქ წერია, ის შესრულდება და მორჩა. ჩვენ, პარლამენტში შემოსული ოპოზიციონერი დეპუტატები და საერთაშორისო პარტნიორები ვართ გარანტორები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზედმიწევნით შეასრულოს რაც იქ წერია“, – განაცხადა ელისაშვილმა.
რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას, თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში დაბრუნებაზე, ელისაშვილის თქმით, ის ვერ დაბრუნდება და ასე საუბრით თავს უხერხულ მდგომარეობაში იგდებს.
„სააკაშვილი, რომ ვერ დაბრუნდება, ეს არის ორჯერ ორი ოთხი. დამბრუნებელი ცხრაჯერ დაბრუნდებოდა. არსად დამბრუნებელი სააკაშვილი არ არის. ეს ფაქტია და ყოველ ჯერზე უხერხულში იგდებს თავს ასე რომ ლაპარაკობს, რომ ხან ზღვას გადმოცურავს და ხან ცხრა მთას გადმოახტება. ილაპარაკოს ვინ უშლის, მაგრამ ეს არასერიოზულია“, – განაცხადა ელისაშვილმა.