მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოვა
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოვა

შემოდგომაზე ადგილობრივი მმართველობის არჩევნებთან ერთად, პრაქტიკულად დაინიშნა რეფერენდუმი „ქართული ოცნების“, რეფერენდუმის წინ წინასწარ ჩამოვალ საქართველოში, ფიზიკურად ვიქნები თქვენთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდა, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს და პარლამენტში შევიდეს.

„მინდა, მივმართო ქართულ საზოგადოებას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივს. მეგობრებო, მთელი ეს თვეები, ჩვენ ვიბრძვით, რათა მოპარული არჩევნების შედეგები გაუქმდეს და საქართველოში ჩატარდეს ახალი არჩევნები, საქართველოში არჩვენების გზით, კანონიერად, მშვიდობიანად შეიცვალოს ხელისუფლება, განიმუხტოს უმძიმესი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი და ის ვითარება, როდესაც ჩვენი ხალხი არის უკიდურეს გაჭირვებაში, ნეპოტიზმის, კორუფციის უმოქმედობის უუნარობისა და პირდაპირი ძარცვის შედეგად. ჩვენ მივაღწიეთ, რომ ეს თვეები ოპოზიცია ინარჩუნებდა ერთიანობას, მივაღწიეთ საერთაშორისო თანამშრომლობის ჩართულობას. ძალიან მადლობელი ვარ ამერიკელებისა და ევროპელების, რომ მათ გულთან ახლოს მიიტანეს ჩვენი პრობლემები და აქტიური მონაწილეები არიან ამ პროცესის.

მივესალმები შარლ მიშელის განსაკუთრებულ როლს. ის დოკუმენტი, რომელიც დაიდო, შეიცავს ძალიან ბევრ ხარვეზს და ძალიან შორს არის, რაც ბოლომდე გადაწყვეტდა კრიზისს. იქ არის ორი მთავარი რამ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი პარტიის გმირული თავმჯდომარე ნიკა მელია გამოვიდეს საპატიმროდან, ისევე, როგორც გიორგი რურუა, ისევე, როგორც უნდა შეწყდეს პოლიტპატიმრების ნაწილის მიმართ პოლიტიკური დევნა და ეს უნდა მოხდეს უპირობოდ. ნიკა მელიამ უნდა დატოვოს საპატიმრო ყოველგვარი დამამცირებელი პირობების ყოველგვარი გაუგებარი გირაოს გარეშე, უნდა დატოვოს ისე, როგორც მას სურს, რადგან ის იმყოფება იქ უკანონოდ და უდანაშაულოდ. მაგრამ მას შემდეგ, რაც დატოვებს საპატიმროს ამ პირობებით, მინდა, მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას, ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას, რადგან აქ არის მთავარი მეორე პუნქტი, შემოდგომაზე ადგილობრივი მმართველობის არჩევნებთან ერთად პრაქტიკულად დაინიშნა რეფერენდუმი „ქართული ოცნების“, ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების თაობაზე. 43-პროცენტიანი ბარიერი ძველი კომისიის პირობებში, მაგრამ ეს არის დაშვება რიგგარეშე არჩევნების და რეფერენდუმი ივანიშვილის მმართველობაზე.

შემოდგომაზე იქნება რეფერენდუმი. ჩვენ უნდა მოვიგოთ ის ადგილობრივი მმართველობის არჩევნების პარალელურად. ამისთვის ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი. ჩვენ უნდა შევიდეთ იმ პარლამენტში, რომელიც მიგვაჩნია უკანონოდ და მოპარული არჩევნების შედეგად, გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტიც, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა სხვა ბრძოლის ფორმა დემოკრატიის ფარგლებში, მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან მკვეთრი, ქმედურიანები, მობილიზებული. მეც, მიხეილ სააკაშვილი, ამ რეფერენდუმის წინ წინასწარ ჩამოვალ საქართველოში, ფიზიკურად ვიქნები თქვენთან ერთად. რა რისკის ფასადაც არ უნდა იყოს ეს ჩემი სიცოცხლისთვის თუ თავისუფლებისთვის, აუცილებლად ვიქნები ამ პროცესის უშუალო მონაწილე, დამსწრე და თქვენთან ერთად ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების აქტიური შემოქმედი. მინდა, ყველას მოგიწოდოთ ერთიანობისკენ, ჩვენ ვართ ძალიან ძლიერები. ქართველი ხალხის გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგება, რა თქმა უნდა, მეც ვდგავარ ქართველი ხალხის გვერდით. ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა სააკაშვილმა.