ალეკო ელისაშვილი - ჩემი პოლიტიკური გუნდის მხრიდან არის მზაობა, რომ გონივრული შემოთავაზების შემთხვევაში, ყველამ გადავდგათ ერთმანეთისკენ ნაბიჯი და ეს პოლიტიკური კრიზისი დავასრულოთ
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ელჩებთან კომუნიკაცია პარტიას აქვს, თუმცა როდის და სად შეხვდებიან დიპლომატებს, ელისაშვილი არ აკონკრეტებს.
მისივე თქმით, ქვეყანა ურთულეს მდგომარეობაშია და ამ დროს პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება, როგორც ელისაშვილი ამბობს, არის უპასუხისმგებლობა.
როგორც პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ამბობს, მისი გუნდის მხრიდან „არის მზაობა, რომ გონივრული შემოთავაზების შემთხვევაში ყველამ გადავდგათ ერთმანეთისკენ ნაბიჯი და ეს პოლიტიკური კრიზისი დავასრულოთ“.
„ვართ კომუნიკაციის რეჟიმში, როდის და სად იქნება შეხვედრა, მე მაპატიეთ, მაგრამ ამას ვერ გეტყვით. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზე ისევ იმაზე ვისაუბრებთ, რაზეც წინა შეხვედრებზე ვსაუბრობდი, რომ არჩევნები ჩატარდა ამაზრზენად. კონკრეტული ფაქტები მაქვს ელჩებისთვისაც მოყვანილი, სახელმწიფო მდივნის მოადგილისთვისაც გუშინ, ფაქტები მიჭირავს ხელში, როგორ მოხდა ფალსიფიკაცია არჩევნების შედეგების. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, იმის გამო, რომ ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს და იმის გამო, რომ ვხედავთ, ურთულეს მდგომარეობაშია ქვეყანა, მოშლილია ჯანდაცვა, ამ დროს პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება არის უპასუხისმგებლობა. შესაბამისად. ჩვენი მხრიდან, ჩემი მხრიდან, ჩემი პოლიტიკური გუნდის მხრიდან, არის მზაობა, რომ გონივრული შემოთავაზების შემთხვევაში, ყველამ გადავდგათ ერთმანეთისკენ ნაბიჯი და ეს პოლიტიკური კრიზისი დავასრულოთ. ჩვენ ველოდებით „ქართული ოცნების“ შემოთავაზებას. ჩვენეული გამოსავალი ნათქვამი გვაქვს და ახლა ჯერი მათზეა. მათ უნდა გვითხრან, საერთოდ არ ადარდებთ ეს პოლიტიკური კრიზისი, საერთოდ არ ადარდებთ ხალხი, თუ ადარდებთ და რაღაცაზე დაფიქრდნენ“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ამასთან, პარტია „ლელოში“ აცხადებენ, რომ ხვალ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში 14:00 საათზე პარტიის გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია სამუშაო შეხვედრას გამართავენ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით.