ალეკო ელისაშვილი - ჩემი განცდით, რიტორიკა ორივე მხრიდან არნახულად დარბილებულია, სავარაუდოდ, ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის არის არაფორმალური კომუნიკაცია
ჩემი განცდით რიტორიკა ორივე მხრიდან არნახულად დარბილებულია, ატყობთ, ალბათ და აშკარად ვხედავ მზაობას ორივე მხრიდან, რომ შეთანხმება შედგეს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
დეპუტატი მოლაპარაკებების მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი.
ამასთან, ელისაშვილი აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არაფორმალური კომუნიკაცია მიმდინარეობს.
„ვისურვებდი, რომ ექვსივე პუნქტში მოხდეს შეთანხმება და განსაკუთრებით, პოლიტიკური მართლმსაჯულების რეფორმირებასთან დაკავშირებით, ეს იქნება გარღვევა ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, რომ ერთხელ და სამუდამოდ არ გქონდეს ის პროკურატურა, რომელიც გვაქვს და ისეთი სასამართლო, როგორიც გვაქვს. ჩემი განცდით, სავარაუდოდ, ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის არის არაფორმალური კომუნიკაცია და აზრთა გაცვლა-გამოცვლა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც არის კარგი, დამაიმედებელი და ამას ემატება დარბილებული რიტორიკა ორივე მხრიდან, რაც ასევე ქმნის ფონს, რომ ბატონი მიშელის საგანგებო ემისარი როდესაც ჩამოვა, მისი ვიზიტი იყოს არა ვიზიტი ვიზიტისთვის, არამედ რეალური შეთანხმება იყოს იმ მაგიდასთან, რომელზეც დავსხდებით. წითელი ხაზები, დარწმუნებული ვარ, შეიცვლება, რადგან მოლაპარაკების მაგიდაზე როტორიკა მხარეების არის ხოლმე სულ სხვა, ვიდრე ჩართული კამერების წინ“, – განაცხადა ელისაშვილმა.