ალეკო ელისაშვილი - არჩევნების გაყალბების ათი არგუმენტიდან, რომელიც უნდა გვეთქვა, ჩვენთვის ერთ-ერთი იყო „ისფედის“ პარალელური დათვლის შედეგი, ეს არგუმენტი ხელიდან გამოგვეცალა
ალეკო ელისაშვილი - არჩევნების გაყალბების ათი არგუმენტიდან, რომელიც უნდა გვეთქვა, ჩვენთვის ერთ-ერთი იყო „ისფედის“ პარალელური დათვლის შედეგი, ეს არგუმენტი ხელიდან გამოგვეცალა

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ყველაზე სანდო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, თუმცა ბოლოს მომხდარმა ფაქტმა, ორგანიზაცია დააზიანა.

ელისაშვილის თქმით, იმ ათი არგუმენტიდან, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის შედეგი მათთვის ერთ-ერთი იყო, რასაც ვეღარ გამოიყენებენ.

„ისფედი“ არის, ყოველ შემთხვევაში, იყო ყველაზე სანდო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, ის იყო ყოველთვის ეჭვშეუტანელი ორგანიზაცია. ბოლოს რაც მოხდა, რა თქმა უნდა, დააზიანა „ისფედი“ და იმ 10 არგუმენტიდან, რომელიც უნდა გვეთქვა და რომლის თქმასაც ვაპირებთ, როგორ გაყალბდა არჩევნები, ჩვენთვის პირადად „ისფედი“ იყო ერთ-ერთი, მათ შორის პარალელური დათვლა და მისი შედეგი იყო ერთ-ერთი და ეს არგუმენტი ხელიდან გამოგვეცალა, თუმცა სხვა არგუმენტებიც გვაქვს, სხვა არგუმენტები დაგვრჩა. „ისფედი“ დაზიანდა რეპუტაციულად და თვითონ პროცესიც რა თქმა უნდა დაზიანდა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, „ირაკლი კობაიძის განცხადებით, „ისფედი“ ხარვეზებზე ინფორმაციას ფლობდა, თუმცა დამალა“, ელისაშვილი ამბობს,რომ  ირაკლი კობახიძეს ნაკლებად ენდობა.

„მე ვისურვებდი, რომ თვითონ უფრო გულახდილად ილაპარაკონ, რა მოხდა სინამდვილეში – ზეწოლა იყო, შანტაჟი, უსმენდნენ, უთვალთვალებდნენ, შეგნებული შეცდომა იყო, მალავდნენ ამ შეცდომას, არ მალავდნენ.

ამაზე ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ. არ გამოვრიცხავ, რომ უთვალთვალებდნენ, უსმენდნენ და რაღაც შეცდომაზე გამოიჭირეს. იკადრებდა თუ არა ამას „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, იკადრებდა“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 48,22% აქვს მიღებული. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 48,3% -ია, მინიმალური კი – 46,9%. ამდენად, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 46.5% იყო, მინიმალური კი – 45.1%.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „არითმეტიკული გაანგარიშებით დაადგინა უხეში ხარვეზი, თუმცა ვიდრე საკითხი ელჩებთან არ დაისვა, ელენე ნიჟარაძემ ამ ინფორმაციის გამჟღავნება არ იკადრა“. საპასუხოდ, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, ელენე ნიჟარაძემ განაცხადა, რომ „არაფერს მალავდნენ, ჰქონდათ სტრატეგია, როგორ მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის ინფორმაცია და ამაზე მუშაობდნენ“. მისივე თქმით, ბევრ დარღვევაზე ხელისუფლებას პასუხი არ გაუცია, არ შეუსწავლია და ობიექტური ინფორმაცია საზოგადოებისთვის არ მიუწოდებია.