ALDE - ევროპულ გზაზე საქართველოს პირველი ნაბიჯი არის ოპოზიციონერ ჟურნალისტ ნიკა გვარამიას გათავისუფლება
„ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ითხოვს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ევროპულ გზაზე საქართველოს პირველი ნაბიჯი არის ოპოზიციონერ ჟურნალისტ ნიკა გვარამიას გათავისუფლება.
„პარტია ALDE ჩვენს წევრ პარტიებთან ერთად ევროკავშირის გაფართოების ერთგულია. საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას დასავლეთ ბალკანეთთან ერთად უნდა ჰქონდეთ ევროპული მომავალი. ამ პროცესით ევროპული საზოგადოება ძლიერდება. უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით კარი გაიღო. იმისათვის, რომ საქართველომ ამ ეტაპს მიაღწიოს, საჭიროა მნიშვნელოვანი რეფორმების ჩატარება. კანონის უზენაესობის დაცვის, პრესის დამოუკიდებლობისა და სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფის შესახებ დებულებები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, განსაკუთრებით ევროპელი ლიბერალებისთვის. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ ALDE-ს წევრ ქართულ პარტიებთან ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. ევროპულ გზაზე საქართველოს პირველი ნაბიჯი არის ოპოზიციონერ ჟურნალისტ ნიკა გვარამიას გათავისუფლება, რომელსაც განაჩენი ყალბი ბრალდებებით გამოუტანეს, რაც დაგმეს ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა ორგანოებმა როგორც საქართველოს შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
მართლმსაჯულების პოლიტიზიება უნდა შეწყდეს! საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტია ვალდებულია, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება პოლიტიკური კრიზისის დასრულების შესახებ. ეს არის ევროკავშირის კანდიდატობისკენ გზა“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს პარტიის თანათავმჯდომარე ილჰან კიუჩუკი.
პარტია ასევე მოუწოდებს ევროკავშირის მოქალაქეებს, შეუერთდნენ ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოწოდებაში და მისწერონ წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შესაბამისი მოთხოვნით. პარტია ევროკავშირის მოქალაქეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გასაგზავნი წერილის სამ შაბლონს სთავაზობს ასარჩევად და ელექტრონული ფოსტის მისამართს აქვეყნებს.
ამას გარდა, ALDE-ს წევრი ევროპარლამენტარები ვიდეომიმართვასაც ავრცელებენ, რომელშიც ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.