ალბერტინას მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა გაიხსნა [ფოტო]
ალბერტინას მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა გაიხსნა [ფოტო]

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ვენის ალბერტინას მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენას მასპინძლობს. გამოფენა ოფიციალურად 25 ოქტომბერს გაიხსნა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონიას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ალბერტინას მუზეუმის დირექტორი კლაუს ალბრეხტ შრედერი და გამოფენის კურატორი ბიშე კურიგერი უძღვებოდნენ.

NIKO PIROSMANI – A Wanderer Between Worlds – ამ სახელწოდების გამოფენის დათვალიერება ალბერტინას მუზეუმში საზოგადოებას 2018 წლის 26 ოქტომბრიდან 2019 წლის 27 იანვრამდე შეუძლია.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის 29 ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან, ასევე, 1972 წელს, პარიზში, ილია ზდანევიჩის მიერ ხელნაკეთი წიგნი, სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914“. აღნიშნულ წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა „ფიროსმანის პორტრეტი“.

ვენაში, ალბერტინას მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა, მხატვრის გარდაცვალების 100 წლისთავს ეძღვნება. პროექტის ფარგლებში, ასევე პირველად გამოიფინა ცნობილი იაპონელი არქიტექტორის ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილი მაგიდა სახელწოდებით Table Of Pirosmani, რომელიც სწორედ მხატვრის ხსოვნას ეძღვნება.

აღსანიშნავია, რომ ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენის ფარგლებში, ალბერტინას მუზეუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე მხატვრის შემოქმედებით შთაგონებულ ჩვენი დროის საუკეთესო თანამედროვე არტისტთა ნამუშევრებსაც მასპინძლობს, მათ შორის წარმოდგენილია იოშიმოტო ნარასა და ანდრო ვეკუას ნამუშევრებიც.

გამოფენის მთავარი მიზანია ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.