„არ არსებობს იმაზე დიდი პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დამცველისთვის, იყოს სახალხო დამცველი“
დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ვიგრძენი ძალიან ბევრი სამოქალაქო ჯგუფის, მოქალაქეების მხარდაჭერა,- ეს განცხადება ნინო ლომჯარიამ სახალხო დაცველის პოსტზე არჩევიდან რამდენიმე წუთში გააკეთა. რიგით მეექვსე სახალხო დამცველი უფლებამოსილების შესრულებას 8 დეკემბრიდან შეუდგება, ანუ მას შემდეგ, რაც უჩა ნანუაშვილი ამ პოსტს დატოვებს.
არჩევის შემდეგ ლომჯარიამ მმართველ გუნდსა და ოპოზიციის ნაწილს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
,,ალბათ, არ არსებობს იმაზე დიდი პასუხისმგებლობა და პატივი ადამიანის უფლებათა დამცველისთვის, იყოს სახალხო დამცველი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მმართველ გუნდს, რომ ამხელა ნდობა გამომიცხადა. სიმართლე გითხრათ, მხარდაჭერის ამგვარი მაჩვენებელი ჩემთვის მოულოდნელი იყო კრიტიკული შეფასებების ფონზე. ასევე, სხვა პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც ასევე გამომიცხადეს მხარდაჭერა და მზად ვარ, ყველა ადამიანს, ვისაც კითხვები ჰქონდა ჩემი მისამართით, არ იზიარებდა ჩემს კანდიდატურას, ვითანამშრომლო, მოვუსმინო მათ პრეტეზიებს და შეკითხვებს”, – განაცხადა ლომჯარიამ პირველ არხთან საუბრისას.
რაც შეეხება გეგმებს, ახალი სახალხო დამცველი ამბობს, რომ იქნება ღია, გახსნილი და ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის, ვისაც ომბუდსმენის დახმარება დასჭირდება.
ომბუდსმენის ოფისში მისვლისას ლომჯარია, როგორც თავად ამბობს, ჯერ სტრუქტურისა და აპარატის მუშაობას გაეცნობა და შემდგომ მიიღებს საკადრო გადაწყვეტილებებს. ახალი სახალხო დამცველი აქცენტის გაკეთებას ანგარიშებოს ფორმაზეც გეგმავს.
,,მე აქცენტი გავაკეთე, რომ უფრო მეტად ანალიტიკური მინდა ვიხილო სახალხო დამცველის ანგარიში და უფრო მარტივად აღსაქმელი მკითხველისთვის. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, პირველ რიგში უნდა მივიდე და გავეცნო ადგილზე არსებულ ვითარებას”, – აცხადებს ნინო ლომჯარია.