ალბანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე, რომლებიც იარაღის საწარმოში შეღწევას ცდილობდნენ
ალბანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დააკავეს რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე, რომლებიც იარაღის საწარმოში შეღწევას ცდილობდნენ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი” ავრცელებს.
„სამი მოქალაქე, რუსული და უკრაინული პასპორტებით საწარმოში შეღწევას ცდილობდა. საწარმოს დაცვის თანამშრომლებმა მყისიერად იმოქმედეს, თუმცა მათი ძალისხმევის დროს, შეეჩერებინათ უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე, დაშავდა ჩვენი ორი ჯარისკაცი”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ალბანეთის პრემიერის თქმით, დაკავებულებს ბრალი ედებათ შპიონაჟში. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის მოქალაქე, 24 წლის მ.ზ. საწარმოს ტერიტორიაზე შევიდა და სურათებს იღებდა. სამინისტროს ცნობით, აღნიშნულმა პიროვნებამ საწარმოს დაცვის თანამშრომლების წინაღმდეგ ერთგვარი სპრეი გამოიყენა. რუსეთის მეორე მოქალაქე ს.ტ. 33 წლის ქალია, ხოლო უკრაინის მოქალაქე დ.ა. 24 წლისაა.
როგორც „როიტერი“ წერს, ალბანეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე საწარმო „გრამში“ საბჭოთა დროს „კალაშნიკოვის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის საწარმოებლად გამოიყენებოდა.