ალბანეთის და მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა, ივნისში დაიწყოს
ალბანეთის და მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა, ივნისში დაიწყოს

ალბანეთის და მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა, ივნისში დაიწყოს. ეს განცხადება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკატერინა ზახარიევამ გააკეთა.

„აპრილში უნდა გამოქვეყნდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების შესახებ ანგარიში. იმედი მაქვს, რომ ივნისში ევროკავშირის საბჭო სკოპიესთან და ტირანასთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის რეალური შესაძლებლობა არსებობს, თუმცა ამ ქვეყნებმა ინტენსიურად უნდა იმუშაონ, რომ ამის რეალიზაცია მოხერხდეს“, – განაცხადა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ 6 თებერვალს გამოქვეყნებული სტრატეგია ბალკანეთის ქვეყნებთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

„ეს ვალდებულებები ორივე მხარეს ეკისრება და ევროკავშირი წევრობის კანდიდატ ქვეყნებს ეკონომიკის განვითარებაში უნდა დაეხმარონ. დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები ევროკავშირის პერიფერია არ წარმოადგენენ, ეს ქვეყნები ევროპის ნაწილი და ევროპის გულია, ამიტომ, ამ რეგიონში არ უნდა დარჩეს ქვეყნები, რომლებიც ევროინტეგრაციის პროცესს გამოეთიშებიან“, – განაცხადა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.