„ალ-ჯაზირას“ ცნობით, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას გასული დღის განმავლობაში 25 ადამიანი ემსხვერპლა
„ალ-ჯაზირას“ ცნობით, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას გასული დღის განმავლობაში 25 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის დაბომბვას ღაზის სექტორში ერთი ოჯახის რვა წევრი ემსხვერპლა. „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, ისრაელმა საცხოვრებელი სახლი დერ ელ-ბალაჰში დილით ადრე დაბომბა.

გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა ისრაელის ავიაიერიშს ხან იუნისში. მსხვერპლი მოჰყვა საცხოვრებელი სახლების დაბომბვას ჯაბალიას დევნილთა ბანაკშიც.

ისრაელის არმია აგრძელებს ოპერაციას ეგვიპტის საზღვართან მდებარე რაფაჰშიც. გასული დღის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად არაბულ ანკლავში 25 ადამიანი დაიღუპა, 72 კი დაშავდა.

7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობა 40 ათასს აჭარბებს, თუმცა პალესტინის სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსხვერპლის რიცხვი გაცილებით დიდია, რადგან, სულ მცირე, 10 ათასი ადამიანი დაბომბვისგან განადგურებული შენობების ნანგრევებშია მოყოლილი.

არაბულ ანკლავში ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, დღეს ისრაელში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩავა.