„ალ-ჯაზირა" - კოსოვო ალბანეთთან გაერთიანებაზე რეფერენდუმის შესაძლებლობას განიხილავს
კოსოვო ალბანეთთან გაერთიანებაზე რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ „ალ-ჯაზირა” იუწყება.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, კოსოვოს ლიდერმა, ჰაშიმ ტაჩიმ განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი კოსოვოს იზოლირებას გააგრძელებს, ალბანეთთან გაერთიანების მიზნით, ინსტიტუციური მოქმედებების ან რეფერენდუმის შესაძლებლობა იქნება განხილული.
„შეგვიძლია ეს გავაკეთოთ საპარლამენტო რეზოლუციით ან კოსოვოსა და ალბანეთში რეფერენდუმის ჩატარებით. მათ შორის პრეშევოში, მედვედიასა და ბუიანოვაცში. თუ ევროკავშირს არ სურს ორი დროშით ორი ალბანური სახელმწიფოს მიღება, მაშინ ისინი მხოლოდ ერთ დროშას მიიღებენ“, – აღნიშნა კოსოვოს ლიდერმა.
ჰაშიმ ტაჩიმ ასევე თქვა, რომ კოსოვოსთან პრეშევოს, მედვედიას და ბუიანოვაცის გაერთიანებით, ისტორიული უსამართლობის გამოსწორების იდეა უფრო ახლოს არასდროს ყოფილა.