აკნეს გამომწვევი ბაქტერია გენეტიკურად ისე შეცვალეს, რომ მის სამკურნალოდ გადაიქცა — #1tvმეცნიერება
აკნე მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ალბათ საკმაოდ უცნაურად მოგეჩვენებათ სიახლე იმის შესახებ, რომ ბაქტერია, რომელიც აკნეს იწვევს, შეიძლება მისსავე წინააღმდეგ გამოვიყენოთ.
Cutibacterium acnes-ი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბაქტერიაა ჩვენს კანზე. მკვლევრებმა წარმატებით შეძლეს მისი გენების ისე მოდიფიცირება, რომ წარმოექმნა და გამოეყო მოლეკულა, რომელმაც უჯრედულ ექსპერიმენტებში კანის ქონის დაგროვება შეამცირა.
კანის ქონი ცხიმოვანი ნივთიერებაა, რომელიც კანის მკვდარ უჯრედებს ადგილზე აწებებს და ჭარბი ოდენობით წარმოქმნის შემთხვევაში, ბლოკავს ფორებს, რაც საბოლოოდ, აკნეს იწვევს. ვინაიდან ბაქტერია C. acnes-ი კანის ქონს აგროვებს და რაოდენობას ზრდის, იწვევს აკნეს ანთებას.
თუმცა, ეს ბაქტერია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანმრთელი კანისთვისაც, რადგან წარმოქმნის ლიპიდებს, რომლებიც ხელს უწყობს ჩვენი დამცავი გარე ბარიერის შენარჩუნებას. გვხვდება ღრმად, თმის ფოლიკულებშიც, განსაკუთრებით იქ, საიდანაც კანის ქონი გამოიყოფა.
ბარსელონის პომპეუ ფაბრას უნივერსიტეტის სინთეზურმა ბიოლოგმა, ნასტასია კნოდლსედარმა და მისმა კოლეგებმა იფიქრეს, რომ უნდა შესძლებოდათ C. acnes-ს ისე მოდიფიცირება, რათა მისი გამოყენება შესაძლებელი ყოფილიყო აკნეს ადგილობრივ სამკურნალო საშუალებად.
მწვავე აკნეს ამჟამინდელი სამკურნალო საშუალებები ან კარგ ბაქტერიებსაც კლავს (ანტიბიოტიკების შემთხვევაში), ან იშვიათად, მაგრამ მაინც თან ახლავს უსიამოვნო გვერდითი ეფექტები (პრეპარატ იზოტრეტინოინის შემთხვევაში).
თუმცა, მკვლევრებმა მინიშნება სწორედ იზოტრეტინოინიდან და მისი მოქმედების მექანიზმიდან მიიღეს, რომელიც ააქტიურებს გენების დამშიფრავ ცილას, სახელად NGAL-ს და რომელიც ცხიმის მწარმოებელ ქსოვილებს, სახელად სებოციტებს ეუბნება, რომ მათი სიკვდილის დროა.
თუკი მკვლევრები შეძლებდნენ, რომ C. acnes-ს ცილა NGAL გამოემუშავებინა, შემდეგ ალბათ აკნეს მკურნალობას იზოტრეტინოინის გვერდითი ეფექტების გარეშეც შეძლებდნენ.
თუმცა, ამ დრომდე, C. acnes-ს, როგორც ტროის ცხენის სამკურნალო საშუალებად გამოყენების სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ ბაქტერია წინააღმდეგობას უწევდა მეცნიერთა მცდელობას, რომ მის გენომში ახალი დნმ ინსტრუქციები შეეტანათ.
მიკრობიოლოგიის ამ საბაზისო მეთოდს ტრანსფორმაციას უწოდებენ და პირველი ნაბიჯია ბაქტერიების ინჟინერიაში, რათა მათ ის ცილები აწარმოონ, რომელთა წარმოებაც სხვაგვარად არ იციან. C. acnes-ს შემთხვევაში მას გარკვეული გაუმჯობესება სჭირდება.
C. acnes-ს უჯრედებთან დნმ-ის მიწოდების გასაუმჯობესებლად ექსპერიმენტში სხვადასხვა ბუფერი მოსინჯეს და საბოლოოდ, კნოდლსედერმა და მისმა კოლეგებმა შექმნეს შტამი, რომელსაც ცილა NGAL-ის წარმოება შეუძლია.
როდესაც C. acnes-ს NGAL-ის მწარმოებელი ეს შტამი სებოციტების ლაბორატორიაში გაზრდილ კულტურაზე მოსინჯეს, აღმოჩნდა, რომ მოდიფიცირებულმა ბაქტერიამ მნიშვნელოვნად შეამცირა ქანის ქონის დონე, თანაც 48 საათის შემდეგ.
თაგვებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში, მოდიფიცირებულმა C. acnes-მა ცილა NGAL-ი ცხოველის კანზე დატანიდან 2-4 დღეში წარმოქმნა და როგორც მოსალოდნელი იყო, ბაქტერიამ ღრმად, თმის ფოლიკულებშიც შეაღწია. არ დაფიქსირდა არანაირი ნიშანი იმისა, რომ მკურნალობის ამ მეთოდმა ანთება გაზარდა.
„გენური ინჟინერიით გამოვიყვანეთ ბაქტერია, რომელიც კანში ბინადრობს და იმას აწარმოებს, რაც ჩვენს კანს აკნეს მოსასპობად სჭირდება“, — ამბობს კნოდლსედარი.
თუმცა, თაგვის კანი ადამიანის კანისგან ფრიად განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად იყენებენ ადგილობრივი პრეპარატთა ადრეულ ფაზაში ტესტირებისთვის. თაგვის კანი უფრო მოშვებულია, ოთხჯერ თხელი და აქვს უფრო მეტი თმის ფოლიკულები, ვიდრე ადამიანის კანს.
„ინჟინერიით გამოყვანილი ამ შტამის გავლენისა და კანის მკურნალობაში მისი პოტენციური გამოყენების შესაფასებლად საჭიროა შემდეგი კვლევები ადამიანებზე“, — წერენ მკვლევრები.
კვლევა Nature Biotechnology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ისა და upf.edu-ის მიხედვით.