შემოდგომის სუპერტურნირი, რომელსაც იოკოძუნები: ჰაკუჰო და კაკურიუ ტოვებენ, შანსს აძლევს ოძეკებს ასანოიამას და ტაკაკეიშოს, რომ თავის აქტივში მორიგი იუშო ჩაიწერონ. ახალგაზრდა სეკიტორები პოზიციების გამყარებას ეცდებიან და ალბათ იმპერატორის თასზე სეკივაკე მიტაკეუმი და კომოსუბი ენდოც იფიქრებენ.
დღის პირველი სენსაცია ტამავაშიმ შემოგვთავაზა, რომელმაც სეკივაკე დაიეიშოს მოუგო, სანახაობრივ ოშიძუმოში, მონღოლმა არწივმა ცუპარების წვიმას გაუძლო და მეტოქე კონტრიერიშით დაამარცხა. კარგ ფორმაშია სეკივაკე მიტაკეუმიc, რომელმაც პირველი გამარჯვება აგრესიულ ჰოკუტოფუჯისთან ჩაიწერა.
მესამე სეკივაკე შოდაიმ უმარტივესად მოიგო პირველ მაეგაშირა ტაკანოშოს წინაღმდეგ და წარმატებულ სერიას აგრძელებს.
დღის ცენტრალური შეხვედრა ოძეკი ტაკაკეიშოსა და წინა ბაშოს ტრიუმფატორს, პირველ მაეგაშირა ტერანოფუჯის შორის ჩატარდა. ტაკაკეიშომ ექს-ოძეკისთან შეჯახებისთანავე მიიღო უპირატესობა და მარტივად გაიყვანა დოჰიოდან.
დღის უკანასკნელ ორთაბრძოლაში ერთმანეთის წინააღმდეგ ორი ბრწყინვალე მებრძოლი, ოძეკი ასანოიამა და კომუსუბი ენდო დადგნენ. შესანიშნავი სუმო, რომელიც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ულამაზესი გდებით დასრულდა. ენდომ, რომელიც ურთულესი სიტუაციიდან გამოძვრა, ფავორიტი დაამარცხა და ასანოიამასთან ურთიერთშეხვედრების ბალანსი კიდევ გაიუმჯობესა. ახლა უკვე 7-4-ია მის სასარგებლოდ.
„რიოგოკუ კოკუგიკანში“ შემოდგომის ბაშო 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება.