ახმეტაში საკრებულოს სხდომა ჩაიშალა
ახმეტაში საკრებულოს სხდომა ჩაიშალა

ახმეტის საკრებულოს სხდომა, რომელზეც ექვსი საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი, ჩაიშალა. საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილს სხდომის გაგრძელების შესაძლებლობა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობამ არ მისცა.

მოსახლეობა ფშაველი-აბანო-ომალოს გზის გაწმენდის სამუშაოების საკითხის განხილვას ითხოვდა. სხდომაზე მოითხოვეს ხელისუფლებისგან ქმედითი ღონისძიებების გატარება, უშუალოდ ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მომუშავე კომპანია „არილისა“ და საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან შეხვედრა.

​„არ გვინდოდა საკრებულოს სხდომის ჩაშლა, მაგრამ ყურადღება ხომ უნდა მოგვაქციოს ვინმემ? ამ დრომდე არაფერი ეშველა იმ ტბას, რომელიც რომ მოენდომებინათ აქამდე დაცლიდნენ წყლისგან. ტურისტული სეზონი ფაქტობრივად ჩავარდა, რომელიც ივნისში უნდა დაწყებულიყო. ფერმერებს მთაში ვერ გადაჰყავთ პირუტყვი და ეხოცებათ. რადიკალური ზომების მიღებასა და გზების გადაკეტვას საკრებულოზე მოსვლა ვარჩიეთ“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ადგილობრივმა სოსო ბაბულაიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი აცხადებს, რომ თუშების მოთხოვნის შესაბამისად, საგზაო დეპარტამენტისა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელები თუშეთში იმყოფებიან.

ფერმერები კი, საკრებულოს შენობის დატოვებას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე არ მიიღებენ კომპეტენტურ და ზუსტ პასუხს თუშეთის გზის გახსნასთან დაკავშირებით.