ახმეტაში ფათალიანთ კოშკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზემო ხალაწანში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების ფათალიანთ კოშკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა – ამის შესხებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ოთხსართულიანი კოშკი ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. შიგნიდან და გარედან მობათქაშებულია. პირველი სართული ყრუა. მეორე სართულის სამხრეთ კედელში შესასვლელი კარია გაჭრილი. კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან ხის ძელებით ნაწყობი თარაზული გადახურვა აქვს. ამავე კედლის მესამე და მეოთხე სართულზე სწორკუთხა სარკმელია. ასეთივე სარკმელია მეოთხე სართულის დასავლეთ კედელშიც. დანარჩენ კედლებზე ყველა სართულს სწოკრუთხა ნიშები აქვს. სართულშორისი გადახურვა ხის ყოფილა. კედლებში შემორჩენილია საძელე ფოსოები. ჩამონგრეულია მეოთხე სართულის ზედა ნაწილი. მთლიანად ჩაფლულია მცენარეულ საფარში. კოშკი სათავდაცვო-საბრძოლო არქიტექტურის ერთ-ერთი კარგად შემორჩენილი ნიმუშია“, – აღნიშნულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.