ჩვენგან 40 სინათლის წლის მანძილზე, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დედამიწის ზომის, ზომიერი პლანეტა აღმოაჩინა, რომელსაც Gliese 12 b უწოდეს. თუ სინათლის წელი ბევრს არაფერს მეტყველებს, გეტყვით, რომ ამ პლანეტამდე მანძილი 378 ტრილიონი კილომეტრია.
მონრეალის მაკ-გილისა და დასავლეთის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ეს პლანეტა სუბარუს ტელესკოპის პროგრამა IRD-SSP-ის ფარგლებში აღმოაჩინეს, რომელშიც წითელ ჯუჯა ვარსკვლავთა გარშემო, სასიცოცხლო ზონაში ეძებენ პლანეტებს. გამოიყენეს მოწინავე ტელესკოპთა და დაკვირვების მეთოდთა კომბინაცია.
Gliese 12 b გარს უვლის ვარსკვლავ Gliese 12-ს, რომელიც წითელი ჯუჯის ტიპისაა. წითელი ჯუჯები პატარა, შედარებით ცივი ვარსკვლავებია და ირმის ნახტომში ისინი გაცილებით მეტია, ვიდრე მზის მსგავსი G-ტიპის ვარსკვლავები.
წითელ ჯუჯა ვარსკვლავთა გარშემო მოძრავი პლანეტები არამიწიერი სიცოცხლის ძებნის ძირითადი კანდიდატებია. წითელ ჯუჯათა პლანეტების საძებნელად მნიშვნელოვანი ძალისხმევაა მიმართული, რადგან ასეთ ვარსკვლავთა გარშემო კლდოვან პლანეტათა დაფიქსირება უფრო ადვილია, ვიდრე უფრო დიდ, მზის მსგავს ვარსკვლავთა გარშემო.
TRAPPIST-1-ის შემდეგ, Gliese 12 მეორე წითელი ჯუჯა ვარსკვლავია ჩვენგან 100 სინათლის წლის რადიუსში, რომელთა გარშემოც დედამიწის ზომის პლანეტები მოძრაობენ შედარებით მცირე ვარსკვლავური რადიაციის გარემოში.
TRAPPIST-1-ს ძლიერი აქტივობა ახასიათებს, მაგალითად, მაღალენერგიული ვარსკვლავური ანთებები, რაც სავარაუდოდ, მის პლანეტებს სიცოცხლისათვის შეუთავსებელს ხდის; როგორც ბოლო დაკვირვებები მიუთითებს, პლანეტა TRAPPIST-1 b-სა და c-ს ატმოსფერო თითქმის არ აქვთ.
ძლიერ აქტიურ ვარსკვლავებს უფრო ხშირი და მძლავრი ანთებები ახასიათებთ, რა დროსაც სიცოცხლისათვის საზიანო მაღალენერგიულ რადიაციას გამოყოფენ. Gliese 12 უჩვეულოდ არააქტიური წითელი ჯუჯაა, რის გამოც, მის პლანეტებზე გაცილებით ნაკლებად საზიანო გარემო უნდა იყოს.
Gliese 12 b განსაკუთრებით საინტერესოა მისი ზომისა და ადგილმდებარეობის გამო. ის დაახლოებით დედამიწის ზომისაა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შეიძლება, დედამიწის მსგავსი შემადგენლობა და გარემო ჰქონდეს. თუმცა, ამის დასადასტურებლად მეტი დაკვირვება და მოდელირებაა საჭირო.
კიდევ უფრო მეტად საინტერესო ისაა, რომ Gliese 12 b მდებარეობს ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონის შიდა კიდეზე. სასიცოცხლო ზონას უწოდებენ რეგიონს ვარსკვლავის გარშემო, სადაც გარემო პირობები ხელსაყრელია პლანეტის ზედაპირზე თხევადი წყლის არსებობისთვის — არც ძალიან ცხელა, რომ აორთქლდეს და არც ისე ცივა, რომ გაიყინოს.
ვინაიდან წყალი გადამწყვეტია სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმისთვის, ამ ზონაში პლანეტის აღმოჩენა ნამდვილად დიდი ნაბიჯია არამიწიერი სიცოცხლის ძებნაში.
თუმცა, თხევადი წყლის არსებობა ასევე დამოკიდებულია პლანეტის ატმოსფეროსა და ზედაპირის გარემო პირობებზე.
Gliese 12 b თავის ვარსკვლავისგან დაახლოებით იმდენ სინათლეს იღებს, რამდენსაც ვენერა და დედამიწა მზისგან. მისმა შესწავლამ შეიძლება ნათელი მოჰფინოს იმ მთავარ განსხვავებებს, რის გამოც დედამიწა სიცოცხლისთვის ხელსაყრელია, ვენერა კი არა.
Gliese 12 b-ის შესახებ კიდევ ერთი ამაღელვებელი გარემოება ისაა, რომ ის ჩვენთან შედარებით ახლოსაა და შესაბამისად, შესაძლებელია მისი ზედაპირის გარემოს უფრო დეტალური შესწავლა.
Gliese 12 b-ს შესწავლის ერთი განსაკუთრებით გამოსადეგი მეთოდი, რაც არატრანზიტულ პლანეტათა შემთხვევაში შეუძლებელია, არის ატმოსფერული ტრანსმისიის სპექტროსკოპია. ეს მეთოდი გულისხმობს ვარსკვლავის იმ სინათლის ანალიზს, რომელიც პლანეტის ატმოსფეროში გაივლის.
ვარსკვლავის სინათლის სპექტრის ცვლილების შესწავლით, მეცნიერებს შეუძლიათ პლანეტის ატმოსფეროს შემადგენლობის დადგენა და მასში ჟანგბადის, წყლის, მეთანის, ნახშირორჟანგის გამოვლენა; ეს აირები შეიძლება ბიოლოგიურ პროცესებზე მიუთითებდეს.
Gliese 12 b-ის აღმოჩენა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია სიცოცხლისათვის პოტენციურად ხელსაყრელ პლანეტათა ძებნაში და იმ გარემო პირობების შესასწავლად, რომლებიც სიცოცხლეს ხდის შესაძლებელს.
ამჟამინდელი და სამომავლო ტელესკოპები, მაგალითად, ჯეიმს ვები და მიწისპირა უკიდურესად დიდი ტელესკოპი (ELT), გადამწყვეტ როლს შეასრულებენ შემდეგ კვლევებში. ამ ინსტრუმენტებით მეცნიერები Gliese 12 b-ს ატმოსფეროსა და ზედაპირის შესახებ უფრო დეტალურ კვლევებს ჩაატარებენ.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.