ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, იოავ გალანტსა და ბორის პისტორიუსს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტსა და მის გერმანელ კოლეგას, ბორის პისტორიუსს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეებმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს. ამის შესახებ იოავ გალანტი ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„მქონდა მნიშვნელოვანი დიალოგი ჩემს მეგობართან, გერმანიის თავდაცვის მინისტრთან, ბორის პისტორიუსთან. მას მივაწოდე ინფორმაცია უსაფრთხოების სფეროში განვითარებული მოვლენების, ასევე, საფრთხეების შესახებ, რომლებიც ირანისა და მისი მარიონეტების მიერაა წარმოქმნილი ისრაელისა და უფრო ფართო რეგიონის წინააღმდეგ”, – წერს გალანტი.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა გერმანელ კოლეგას ისრაელის მხარდაჭერისთვის.
„თავისუფალი სამყარო უნდა გაერთიანდეს ტერორიზმის ყველაზე დიდი დესტაბილიზატორისა და ექსპორტიორის – ირანის წინააღმდეგ“, – წერს ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი სოციალურ ქსელში.