„რუსული აგრესიის პირობებში, დასავლეთს სჭირდება ევროპის უსაფრთხოებისა და შავი ზღვის პარტნიორობის გაძლიერება“, – ამ სათაურით სტატიას ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტი აქვეყნებს.
სტატიის ავტორის, იულია-საბინა ჟოჟას თქმით, მრავალი თვის მანძილზე უკრაინა დასავლეთის საგარეო პოლიტიკის მთავარ ფოკუსს წარმოადგენდა, ვინაიდან რუსეთი აგრძელებდა სამხედრო ფორმირებას საზღვარზე და 100 000 ჯარისკაცი განათავსა.
„მოსკოვი სამხედრო თავდასხმით იმუქრებოდა და ახლა ულტიმატუმი წაუყენა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ამ უკანასკნელმა აღიაროს რუსეთის გავლენის სფერო ისეთ სუვერენულ დემოკრატიულ ქვეყნებზე, როგორიც უკრაინაა. მაგრამ აშშ-სა და რუსეთს შორის კვირის მანძილზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, დასავლეთმა უნდა გაითვალისწინოს, რომ უკრაინა რუსეთის ფართო პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილია. ეს ეხება ყველა დამოუკიდებელ ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოს და არსებითად მთელ ევროპულ უსაფრთხოების არქიტექტურას. აშშ-სა და ნატო-ს არ შეუძლიათ, დამოუკიდებელი სახელმწიფოების საქმიანობაში ზედმეტად ჩაერიონ და დანებდნენ რუსეთის მოთხოვნებს. სამაგიეროდ, მათ უნდა გამოიყენონ დრო და ინვესტიცია განახორციელონ გრძელვადიან ევროპულ უსაფრთხოებაში“, – ნათქვამია სტატიაში.
ავტორის თქმით, პრობლემა ის არის, რომ რუსეთი ცდილობს გავლენის გაძლიერებას დამოუკიდებელ სუვერენულ დემოკრატიებზე, როგორიცაა უკრაინა, საქართველო და ბალტიისპირეთის ქვეყნები. ამგვარად, რუსეთი სთხოვს შეერთებულ შტატებს არა მხოლოდ საკუთარი გავლენის შემცირებას, არამედ დახმარების გაწევას დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენული უფლებების დარღვევაში.
„აღნიშნული მოთხოვნა სრულიად მიუღებელია. მას თან ახლავს ულტიმატუმი და სამხედრო საფრთხე ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ (განურჩევლად ნატო-ს წევრობისა), რაც წარმოადგენს ზეწოლის დამატებით ფორმალურ ინსტრუმენტს იმ პროცესში დასახმარებლად, რომელზეც რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობს. რუსეთმა პირდაპირ დაარღვია შავი ზღვის ქვეყნების სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა გაყინული კონფლიქტების შექმნის გზით 1990-იანი წლების დასაწყისში. მოსკოვიდან ბალტიისპირეთის ქვეყნების, საქართველოს, უკრაინის და მრავალი სხვა ქვეყნის მიმართ, ზემოქმედების ოპერაციების, ეკონომიკურმა შანტაჟის, კიბერთავდასხმებისა და აგრესიის სხვა ჰიბრიდული ფორმების შედეგად, 2008 წელს მოხდა ესკალაცია, როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში. ყირიმის უკანონო ანექსია, ომი დონბასში, ჰიბრიდული თავდასხმები საქართველოს წინააღმდეგ, ყირიმში სამხედრო მობილიზება, როგორც საფრთხე მოკავშირეთა ტერიტორიის წინააღმდეგ, შავ და აზოვის ზღვებში საზღვაო მიმოსვლის შეფერხება, ენერგეტიკული სფეროს შეიარაღება, პოლიტიკური და საარჩევნო ჩარევა და დეზინფორმაციული კამპანიები, არის მხოლოდ რამდენიმე კარგად ცნობილი ინსტრუმენტი, რომელსაც რუსეთი იყენებს მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. ბოლო წლების განმავლობაში, აგრესიის ამ ჰიბრიდული ფორმების უფრო და უფრო ხშირი სამიზნეა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები და შეერთებული შტატებიც კი. ცხადია, რომ რაც შავ ზღვაში ხდება, შავ ზღვაში არ რჩება“, – ნათქვამია სტატიაში.
იულია-საბინა ჟოჟა წერს, რომ აღნიშნული ორი გადაულახავი დაბრკოლების გათვალისწინებით, დასავლეთს შეუძლია, უპასუხოს რუსეთს მხოლოდ აგრესიის ყველა ჰიბრიდული ფორმის გამეორებით და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის დარღვევით, რასაც მოსკოვი ახორციელებდა ისეთ ადგილებში, როგორიცაა საქართველო – და მთელი აღმოსავლეთ ევროპა – ათწლეულების განმავლობაში.
რუსული ულტიმატუმების ეს ახალი რაუნდი, რომ დაარღვიოს ნატო-ს ვალდებულებები საქართველოსა და უკრაინის მიღების შესახებ, ბოლო არ იქნება. შავი ზღვის რეგიონი და განსაკუთრებით საქართველო და უკრაინა წარმოადგენენ იმ ადგილებს, სადაც რუსული აგრესია ყველაზე საშიშია.
ავტორი ასევე დასძენს, რომ ეს ორი ქვეყანა წარმოადგენს დასავლეთისთვის, დასავლური ღირებულებებისადმი მათი ურყევი ერთგულების მაგალითს და იმის, თუ რამდენად დიდი საშიშროების წინაშე არიან ეს ღირებულებები რუსული თავდასხმის ქვეშ. შესაბამისად, ამ კვირაში, როდესაც აშშ ხვდება რუსეთს, მას შეუძლია, მხოლოდ გაიმეოროს მოსკოვის წარსული აგრესია და გააფრთხილოს ის, რომ მორიგი შეჭრა არ იქნება მის ინტერესებში.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ დასავლეთმა აუცილებლად უნდა გაზარდოს ინვესტიციები ისეთი სტრატეგიული პარტნიორების უსაფრთხოებაში, როგორიც საქართველო და უკრაინაა.
„ამ დროისთვის ნატო-ში გაწევრიანება პოლიტიკურად თითქმის შეუძლებელია, მაგრამ მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ საქართველოსა და უკრაინას, არ აქვთ შანსი რუსეთის აგრესიის წინაშე, შეერთებულმა შტატებმა ორივე ქვეყანას გაუგზავნა თავდაცვითი ლეტალური იარაღი, როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის სამხედრო დახმარების ნაწილი, ხოლო დასავლეთმა რუსეთს სერიოზული სანქციები დაუწესა 2014 წლიდან. მაგრამ მეტი უნდა გაკეთდეს უკრაინის მხარდასაჭერად, რომელიც სამხედრო საფრთხის წინაშე დგას და ასევე საქართველოსთვისაც, რომელიც 2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ თითქმის მთლიანად არის გარშემორტყმული მუდმივად დისლოცირებული რუსული ჯარით“, – წერს ავტორი.
მისივე თქმით, სამხედრო კონფლიქტებისა და უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად დასავლეთმა ასევე უნდა გააძლიეროს ის ღირებული პარტნიორობა, რომელიც მას აქვს საქართველოსა და უკრაინასთან, რომლებიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ საყრდენს წარმოადგენდნენ.