ჩვენგან 15 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ძალიან უჩვეულო და იდუმალ ვარსკვლავზე ჩატარებულმა ახალმა დაკვირვებებმა გამოავლინა ვარსკვლავური აქტივობის ძალიან უცნაური მახასიათებელია, რომელიც, როგორც ასტრონომები ამბობენ, აქამდე არასოდეს უნახავთ.
ვარსკვლავის სახელია Swift J1818.0–1607 და ის შარშან აღმოაჩინეს. წარმოადგენს მაგნეტარს — ნეიტრონული ვარსკვლავის იშვიათ სახეობას, რომელიც სუპერგიგანტი ვარსკვლავის სუპერნოვად აფეთქებისა და მისი წარმოუდგენლად მკვრივ ბირთვად კოლაფსის შედეგად წარმოიქმნება.
ნეიტრონულ ვარსკვლავთა უმეტესობისგან განსხვავებით, მაგნეტარები უკიდურესად მძლავრ მაგნიტურ ველს წარმოქმნიან. ამ დროისათვის ირმის ნახტომში მხოლოდ 30 მაგნეტარია აღმოჩენილი, მაგრამ Swift J1818.0–1607 ამ უცნაურ სახეობაშიც კი უჩვეულოდ გამორჩეულია.
ამის მიზეზი კი ის არის, რომ ამ დრომდე მხოლოდ რამდენიმე მაგნეტარშია შემჩნეული დაახლოებით ისეთი რადიოტალღების გამოსხივება, რომლებსაც პულსარები გამოყოფენ — ნეიტრონულ ვარსკვლავთა კიდევ ერთი ტიპი, მაგნეტარებზე მეტად გავრცელებული, მაგრამ ასევე გამორჩეულები იმ თვალსაზრისით, რომ მაგნიტური პოლუსებიდან რადიაციის პულსებს გამოყოფენ.
„რადიოხმამაღალი“ მაგნეტარებს შორის, Swift J1818.0–1607-ის მსგავსი პულსირება აქამდე არც ერთში არ დაფიქსირებულა, რამაც ასტრონომიული საზოგადოების ნაწილს აფიქრებინა, რომ ის შეიძლება ერთგვარ „ნაკლულ რგოლს“ წარმოადგენდეს მაგნეტარებსა და პულსარებს შორის.
გრავიტაციული ტალღების აღმოჩენის ავსტრალიაში მოქმედი პროგრამა OzGrav-ის ასტრონომთა მიერ ჩატარებული დაკვირვებები მიუთითებს, რომ J1818.0–1607 მართლაც ზედმეტად უცნაურია.
2020 წელს, CSIRO-ს რადიოტელესკოპ პარკსით ხუთი თვის პერიოდში ჩატარებული რვა დაკვირვებისას, მკვლევრებმა შენიშნეს, რომ მაგნეტარის რადიოპულსები აშკარად იცვლიდა ხასიათს — მაისში ისინი პულსარის პულსებს წააგავდა, ივნისში სხვადასხვა ფორმით კაშკაშდებოდა და სუსტდებოდა, ივლისში კი პულსარისა და მაგნეტარის მსგავსი რადიოპულსების უცნაური ნაზავის გამოსხივება დაიწყო.
ახალ კვლევაში ასტრონომები აღნიშნავენ, რომ Swift J1818.0–1607-ის ასეთი „იდენტობის კრიზისის“ მიზეზია ამ პერიოდში გამოხატული მნიშვნელოვანი დროებითი პროფილის ევოლუცია.
ასეთმა უცნაურმა განმატრებამ არ დაგაბნიოთ და არ იფიქროთ, რომ ამაში უჩვეულო არაფერია.
„ასეთი უცნაური ქცევა აქამდე არც ერთ სხვა რადიოხმამაღალ მაგნეტარში არ დაფიქსირებულა. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დროებითი ფენომენია, რადგან ჩვენი შემდეგი დაკვირვებისას, ის უკვე მუდმივ, მაგნეტარის მსგავს მდგომარეობაში იყო“, — განმარტავს კვლევის ავტორი, სუინბერნის უნივერსიტეტისა და CSIRO-ს მკვლევარი მარკუს ლოუერი.
მართალია, Swift J1818.0–1607-ის უცნაური, შერეული გამოსხივება ბოლომდე ჯერ არ აიხსნება, მაგრამ მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მისი ასეთი რყევა უნდა წარმოადგენდეს ვარსკვლავური ევოლუციის ისეთ ფორმას, რომელსაც ჯერ მთლიანად ვერ ვიგებთ.
ნაწილობრივ ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ეს მაგნეტარი ამ დროისათვის ერთადერთი ასეთი ეგემპლარი იყოს; აღსანიშნავია, რომ ზოგადად, მაგნეტარების კვლევა ასტრონომიაში არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო.
„ჩნდება რამდენიმე კითხვა. შეიძლება, ეს მაგნეტარი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა უფრო ჩვეულებრივი პულსარისგან, ანდაც უბრალოდ ჩვენ გვაკლია ირმის ნახტომის სხვა მაგნეტარები, რადგან ისინი იმდენად შორს არიან, რომ ჩვენთან მოსული დაბალი სიხშირის რადიოტალღები ძალიან გაფანტულია და დაფიქსირება ჭირს“, — ამბობს ლოუერი.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთი უჩვეულო ქცევა შეიძლება იმაზე ჩვეულებრივი იყოს, ვიდრე გვგონია, რადგან მაგნეტარების შესახებ ჯერ ბევრი არაფერი ვიცით. ამ მიმართულებით მუდმივად ახალ აღმოჩენებს ვაწყდებით.
Swift J1818.0–1607-ზე ჩატარებული ახალი დაკვირვებები მიუთითებს, რომ მაგნეტარის მაგნიტური ღერძი არ ემთხვევა ბრუნვის ღერძს და მის სამხრეთ ნახევარსფეროშია ჩაშვებული. თუ მართლაც ასეა, ჩვენ წინაშე იქნება პირველი ასეთი მაგნეტარი, რადგან როგორც წესი, მათი მაგნიტური ველები მათი ბრუნვის ღერძს ემთხვევა.
ამავე დროს, ამან შეიძლება ახსნას რადიოგამოსხივების პროფილის ზოგიერთი ცვლილება, პოტენციურად არეკვლადი რადიოპულსები, რომლებიც ნეიტრონული ვარსკვლავის ზედაპირიდან სხვადასხვა სიმაღლეზე გამოიყოფა.
თუმცა, შარშან აგვისტოში კიდევ ერთ ნეიტრონულ ვარსკვლავ MJD 59062-ზე ჩატარებული დაკვირვებები ასეთ მოვლენათა ვერსიას არ ემთხვევა. მიუხედავად ამისა, მკვლევართა ჯგუფს ჰიპოთეზა MJD 59062-ისთვისაც აქვს.
ამ მონაცემებზე შექმნილი ჩვენი საუკეთესო გეომეტრიული მოდელი მიუთითებს, რომ რადიოჭავლი წამიერად ინაცვლებს სრულიად განსხვავებულ მაგნიტურ პოლუსზე, რომელიც მაგნეტარის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარეობს“, — ამბობს ლოუერი.
მკვლევართა განცხადებით, Swift J1818.0–1607-ის სამომავლო დაკვირვებები ალბათ უფრო დაზუსტებით გვეტყვის, რა ხდება რეალურად ამ უცნაური ვარსკვლავის თავს.
კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ozgrav.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.