ახლად აღმოჩენილ ეგზოპლანეტას პირდაპირი ფოტოები გადაუღეს — #1tvმეცნიერება
ეგზოპლანეტები ფრიად მოუხელთებელი ობიექტებია.
ისინი ძალიან პატარა, ძლიერ ბნელი და შორს არსებული სხეულებია; მათი პირდაპირ დანახვა უკიდურესად რთულია და საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა. როგორც წესი, მათ არსებობას ვიგებთ იმ ეფექტებით, რაც საკუთარ ვარსკვლავზე აქვთ. შესაბამისად, უიშვიათეს შემთხვევებში, როდესაც მათ პირდაპირ ვხედავთ, ფაქტი ძალზედ ამაღელვებელია.
სწორედ ასეთ შემთხვევას ეკუთვნის ეგზოპლანეტის, სახელად COCONUTS-2b-ის აღმოჩენა. ის ვარსკვლავ COCONUTS-2-ის გარშემო მოძრაობს.
ახლად აღმოჩენილი ეგზოპლანეტა ჩვენგან 35 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და წარმოადგენს ამ დროისათვის უახლოეს, პირდაპირ გადაღებულ ეგზოპლანეტას; ამავე დროს, უიშვიათესია აღმოჩენილ ეგზოპლანეტათა შორის: შედარებით ცივი, გაზის მასიური გიგანტი თავის ვარსკვლავს გარს უვლის საკმაოდ შორიდან.
„რადგან COCONUTS-2 არის მასიური პლანეტა, რომელიც ძალიან ცივი ვარსკვლავის გარშემო საკმაოდ დიდი მანძილიდან მოძრაობს, წარმოადგენს ჩვენი მზის სისტემიდან ძლიერ განსხვავებულ პლანეტურ სისტემას“, – ამბობს ჰავაის ასტრონომიის ინსტიტუტის ასტრონომი ჟუჯიან ჟანგი.
ეგზოპლანეტის აღმოჩენის ყველაზე გავრცელებული მეთოდი ეფუძნება ორ ეფექტს, რომელიც ეგზოპლანეტას თავის დედავარსკვლავზე აქვს. პირველს ტრანზიტის მეთოდს უწოდებენ და ეფუძნება ვარსკვლავის სინათლის ცვლილებებს. როდესაც ეგზოპლანეტა ორბიტაზე მოძრაობისას ჩვენსა და თავის ვარსკვლავს შორის გაივლის, ამ დროს ვარსკვლავის სინათლე ოდნავ იკლებს.
მეორე, რადიალური სიჩქარის მეთოდი ეფუძნება ცვლილებებს ვარსკვლავის სინათლის ტალღის სიგრძეში. ვარსკვლავის გარშემო მოძრაობისას, ეგზოპლანეტა მასზე ოდნავ გრავიტაციულ გავლენას ახდენს და იწვევს ვარსკვლავის რხევებს. ამ დროს ის მცირე წრიული მოძრაობით გადაადგილდება და მისი სინათლის ტალღის სიგრძე ოდნავ იცვლება ჩვენკენ და ჩვენგან საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობისას.
COCONUTS-2b თავის დედავარსკვლავიდან დაახლოებით 6471 ასტრონომიული ერთეულით არის დაშორებული, ანუ 6471-ჯერ უფრო შორს, ვიდრე დედამიწა მზისგან; სწორედ ამიტომ მოხერხდა მისი დაფიქსირება პირდაპირი ვიზუალიზაციით. ასეთი მანძილიდან, პლანეტა თავის ვარსკვლავის ერთ გარშემოვლას დაახლოებით 1,1 მილიონ წელიწადს ანდომებს (შეიძლება, ასეთი მაჩვენებელი რეკორდული იყოს ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილ ეგზოპლანეტებში).
„სხვა ვარსკვლავთა გარშემო მოძრავი გაზის გიგანტი პლანეტების სინათლის დაფიქსირება და შესწავლა უკიდურესად რთულია, რადგან როგორც წესი, ძირითადად ვარსკვლავთან ახლოს მოძრავ პლანეტებს ვპოულობთ და ისინიც დედავარსკვლავის სიკაშკაშეში არიან ჩაფლული“, — ამბობს ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომი მაიკლ ლიუ.
მიუხედავად იმისა, რომ გაზის გიგანტის კვალობაზე ცივია, ეს პლანეტა ჩვენთვის ხილული იმიტომ გახდა, რომ ის მაინც თბილია, ვარსკვლავიდან ასე შორს მოძრაობის მიუხედავად, აქვს დაახლოებით 161 გრადუსი ცელსიუსი.
COCONUTS-2b საკმაოდ ახალგაზრდაა, დაახლოებით 800 მილიონი წლის; მისი სითბო ეგზოპლანეტის წარმოქმნის დროინდელი ნარჩენია და მის ბირთვშია მომწყვდეული. ეს პლანეტა იუპიტერზე ექვსჯერ მასიურია. სითბო კი იმას ნიშნავს, რომ ის მკრთალად ანათებს ინფრაწითელ დიაპაზონში, საკმარისად, რათა პირდაპირი ფოტოების გადაღება შევძლოთ.
ამას გარდა, დიდ ორბიტულ მანძილს სხვა რამდენიმე სარგებელიც აქვს შემდგომი კვლევებისთვის. შეიძლება დაგვეხმაროს იმის უკეთესად შესწავლაში, როგორ წარმოიქმნება გაზის გიგანტი პლანეტები — ეს პროცესი ჯერ არც ისე კარგად ვიცით.
„ასეთი დიდი ორბიტული მანძილის გამო, პლანეტა COCONUTS-2b დიდებული ლაბორატორია იქნება ახალგაზრდა გაზის გიგანტი პლანეტების ატმოსფეროსა და შემადგენლობის შესასწავლად“, — ამბობს ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომი მაიკლ ლიუ.
კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია hawaii.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.