ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას „კოვიდ-19“-ის ხელახლა გავრცელების შესაძლებლობაზე აფრთხილებს
ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი მოსახლეობას „კოვიდ-19“-ის ხელახლა გავრცელების შესაძლებლობის შესახებ აფრთხილებს.
როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა განაცხადა, „კოვიდ-19“-თან გამკლავების უნაკლო მეთოდები არ არსებობს და დიდი ალბათობით ახალ ზელანდიაში ინფიცირების ახალი კერებიც გაჩნდება.
„ყველა ქვეყანაში, რომლის „კოვიდ-19“-თან გამკლავების სტრატეგიის გამეორებასაც ვცდილობდით, ინფიცირებების ახალი შემთხვევები ფიქსირდება. საკმარისია, შევხედოთ ავსტრალიას, ჰონკონგს, სინგაპურს და სამხრეთ კორეას, ეს ის ადგილებია, სადაც ვირუსის გავრცელებას აკონტროლებდნენ, თუმცა „კოვიდ -19“ იქ ხელახლა გავრცელდა“, – განაცხადა არდერნმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკან დაბრუნება არავის სურს, თუმცა აუცილებელია, ქვეყანამ მიღწეული წარმატების შენარჩუნება შეძლოს.
„რეალობა არის ის, რომ ვირუსთან ბრძოლა დასრულებული არ არის, თუ ვირუსი ხელახლა გავრცელდა, ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობის შენარჩუნების გეგმა უნდა გვქონდეს“, – აღნიშნა არდერნმა.
ახალ ზელანდიაში „კოვიდ-19“-ის 1 200-მდე შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 22 პაციენტი.