ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი - მეჩეთებზე თავდამსხმელი დაკავების დროს თავდასხმის გაგრძელებას აპირებდა
ახალი ზელანდიის მეჩეთებზე თავდამსხმელი დაკავების დროს თავდასხმის გაგრძელებას აპირებდა. ამის შესახებ ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
ჯასინდა არდერნის თქმით, ბრენტონ ჰარისონ ტარანტს გაცილებით დიდი მსხვერპლი სურდა.
ცნობილი გახდა ბრენტონ ტარანტის ბიოგრაფიის გარკვეული დეტალები. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ბრალდებული ბევრს მოგზაურობდა. ოფიციალური ანკარა კი იუწყება, რომ გარკვეული პერიოდი ბრენტონ ტარანტი თურქეთშიც ცხოვრობდა.
ტარანტი სამართალდამცავი უწყებებისთვის თავდასხმამდე ცნობილი არ იყო. პოლიციის განმარტებით, მანამდე ბრალდებულს მხოლოდ რამდენჯერმე ჰქონდა სამართალდამცველ უწყებასთან გადაკვეთა, მიზეზი კი, საგზაო წესების დარღვევა იყო. ცნობილი გახდა ისიც, რომ ბრენტონ ტარანტს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ლიცენზია ჰქონდა.
ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში, ორ მეჩეთზე თავდასხმა პარასკევის ლოცვის დროს მოხდა. ტერაქტის დროს 50 ადამიანი დაიღუპა. 50-მდე პირი კი დაშავდა. მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია.
მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ სულ ოთხი ეჭვმიტანილი ეჭვმიტანილი დააკავა. მათგან ერთს 28 წლის ბრენტონ ტარანტს სასამართლომ 5 აპრილამდე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.