ახალი ზელანდიის ორ მეჩეთში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა
ახალ ზელანდიაში, ქალაქ კრაისტჩერჩის ორ მეჩეთში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. დაშავებულია სულ მცირე 20 ადამიანი. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნიმ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და ტერორისტულ აქტს გმობს.
ქალაქში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. მობილიზებულია სამართალდამცველთა დამატებითი ძალები. პრემიერის განცხადებით, სამართალდამცველებმა თავდამსხმელის ავტომობილზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.
გამოცხადებულია საფრთხის უმაღლესი დონე.
პირველი თავდასხმა მასჯიდ ალ ნურის მეჩეთში მოხდა, სადაც იმ დროისთვის 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა. თვითმხილველთა განცხადებით, მეჩეთში შავებში ჩაცმული მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და სროლა დაიწყო. თავდამსხმელმა ცეცხლი ჯერ მამაკაცების, შემდეგ კი ქალების სამლოცველო დარბაზში გახსნა და სამართალდამცველების მისვლამდე ადგილიდან მიიმალა.
ამ ინციდენტიდან მცირე დროის შემდეგ, მორიგი თავდასხმა ქალაქ კრაისტჩერჩში მდებარე კიდევ ერთ მეჩეთში მოხდა.
კრაისტჩერჩის ორ მეჩეთში თავდასხმის ფაქტზე პოლიციამ ავსტრალიის მოქალაქე ბრენტონ ტარანტი დააკავა. მან თავდასხმამდე „ანტიიმიგრაციული მანიფესტი“ გამოაქვეყნა, სადაც მის ქმედებებს განმარტავს და ტერორისტულ აქტად აფასებს.