ახალი საიმიგრაციო კანონის მიღების შემდეგ, საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
საფრანგეთის ახალი საიმიგრაციო კანონისადმი პროტესტის ნიშნად, საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი ორელიან რუსო თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ france 24 ავრცელებს.
როგორც საფრანგეთის მთავრობის სპიკერი ოლივიე ვერანი აცხადებს, მინისტრის თანამდებობას დროებით რუსოს მოადგილე დაიკავებს. ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, გამოიწვია თუ არა ახალმა კანონმა არეულობა მინისტრთა კაბინეტში, ვერანი პასუხობს, რომ მინისტრთა კაბინეტში არეულობა არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთმა ახალი, გამკაცრებული საიმიგრაციო კანონი მიიღო, რომელიც არალეგალურად ჩასული მიგრანტების დეპორტაციის გამარტივებას და მათთვის სოციალური დახმარების მიღების გართულებას ითვალისწინებს. ასევე, რთულდება მიგრანტების მიერ მათი ოჯახის წევრების საფრანგეთში ჩაყვანა. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საფრანგეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ორმაგი მოქალაქეობის მქონე იმ პირებისთვის, რომლებმაც სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს.