ახლა უკვე გვაქვს კარგი პასუხი COVID-19-ის შესახებ ერთ სასიცოცხლო, მაგრამ გაჭიანურებულ კითხვაზე — რამდენ ხანს გრძელდება იმუნურობა?
როგორც ახალი კვლევა მიუთითებს, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს აქვთ მტკიცე იმუნური მეხსიერება, რომელიც სულ მცირე რვა თვის განმავლობაში სძლებს.
ეს მეხსიერება მხოლოდ ანტისხეულებს როდი ეფუძნება; მასში ასევე ჩართულია სისხლის თეთრი უჯრედები, სახელად T ლიმფოციტები და B ლიმფოციტები, რომლებსაც მეხსიერების შთამბეჭდავი ძალა აქვთ.
ერთობლივად, დაცვის ეს შრე იმუნურ სისტემას აიძულებს, რომ სხეულში ხელახლა მოხვედრის შემთხვევაში, კორონავირუსი ამოიცნოს და ხელახლა დაესხას თავს; შესაბამისად, ახდენს კიდევ ერთხელ ინფიცირებისგან პრევენციას.
იმის შესაფასებლად, თუ რამდენ ხანს სძლებს იმუნურობა ვირუსისადმი იმუნიტეტის ამ სხვადასხვა შრეში, მეცნიერებმა შეისწავლეს, რამდენი და რა ტიპის იმუნური უჯრედები ჰქონდათ კორონავირუსის პაციენტებს გამოჯანმრთელებიდან თვეების შემდეგ.
მათი კვლევა ჯერ რეცენზირებული არ არის, მაგრამ გვაძლევს იმედს, რომ ისინი, ვინც უკვე გამოჯანმრთელდნენ, საკმაო ხნის განმავლობაში ვირუსისგან დაცული იქნებიან.
„ადამიანთა უმეტესობას ვირუსისადმი იმუნური სისტემის უმეტესი ნაწილის პასუხი უფიქსირდება და ეს ნაწილები ექვსი თვის შემდეგაც აქტიურია. საკმაოდ კარგი ამბავი ჩანს დამცავი იმუნურობის ქონის თვალსაზრისით“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, კალიფორნიის ლა-ჯოლას იმუნოლოგიის ინსტიტუტის ვირუსოლოგი შეინ კროტი.
ანტისხეულები მიილევა, მაგრამ T ლიმფოციტები და B ლიმფოციტები რჩება
ზოგიერთი კვლევა მიუთითებდა, რომ კორონავირუსის ანტისხეულები, რომლებიც ორგანიზმს ინფექციისგან იცავენ, რამდენიმე თვეში ქრება.
თუმცა, ამ აღმოჩენით გამოწვეული შეშფოთება შეიძლება შეამციროს მკვლელი T ლიმფოციტების როლმა, რომლებიც ინფიცირებულ უჯრედებს ავლენენ და ანადგურებენ; გარდა ამისა, T ლიმფოციტები ერთგვარი დამხმარის როლსაც ასრულებენ, რადგან B ლიმფოციტებს აწვდიან ცნობებს იმის შესახებ, როგორ წარმოქმნან ახალი ანტისხეულები.
„ყველა ეს ელემენტი ერთობლივად მუშაობს — თუ რომელიმე პირის ორგანიზმში რომელიმე მათგანი არც ისე კარგია, ამას იმუნური სისტემის სხვა შეიარაღება აკომპენსირებს. შესაბამისად, აზრიანია, რომ ყველაფერი გავზომოთ“, — ამბობს კროტი.
გამომდინარე აქედან, მისმა ჯგუფმა COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული 185 ადამიანის სისხლის ნიმუშებში გაზომა როგორც T ლიმფოციტები, ისე B ლიმფოციტები და ანტისხეულები.
დაახლოებით 40 მონაწილეს სისხლის ნიმუში მრავალჯერ აუღეს, გამოჯანმრთელებიდან ექვსი თვის შემდეგაც კი. შედეგად, მკვლევრებმა შეძლეს შეეფასებინათ, როგორ იცვლება პაციენტის იმუნური პასუხები დროთა განმავლობაში.
როგორც შედეგებმა აჩვენა, პაციენტის სისხლში კორონავირუსისადმი სპეციფიკური T ლიმფოციტები 4-6 თვის განმავლობაში ოდნავ შემცირდა, ამის შემდეგ კი მდგრადობა შეინარჩუნა. მკვლევართა აზრით, ექვსი თვის შემდეგ, T ლიმფოციტები და ანტისხეულები შეთანხმებული გახდნენ, რაც ტიპურია სხვა ვირუსების შემთხვევაშიც.
„ანტისხეულებისა და T ლიმფოციტების პასუხი ინფექციიდან ერთ ან ორ კვირაში ვითარდება. შემდეგ მოდის ზრდა და პიკი. ოთხიდან ექვს თვემდე შუალედში, ისინი იკლებს, დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ კი პლატოზე მიედინებიან“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ლა-ჯოლას იმუნოლოგი ალესანდრო სეტი.
მისივე თქმით, ექვსიდან რვა თვემდე შუალედში რასაც ვხედავთ, არის ის, თუ რას ვიღებთ იმუნური პასუხის თვალსაზრისით; შესაბამისად, სწორედ ამ დროს უნდა მოხდეს იმის შემოწმება, განვითარდა თუ არა იმუნური მეხსიერება.
კვლევის შედეგები ასევე მიუთითებს, რომ ინფექციიდან ერთი-ექვსი თვის განმავლობაში, პაციენტებში გაიზარდა B ლომფოციტების დონე. სეტის განმარტებით, ეს განსაკუთრებით კარგია, რადგან სამომავლო ანტისხეულების წყარო სწორედ B ლომფოციტებია.
„მას შემდეგ, რაც პირველადი ვირუსული შეჭრა გაქრება, B ლომფოციტები წყვეტს ბრძოლას და ანტისხეულების წარმოქმნას. თუმცა, ისინი მაინც ადგილზე რჩებიან იმ შემთხვევისთვის, თუ შეტევა გაგრძელდება; თუ ორგანიზმში B ლომფოციტების დიდი არმია ცირკულირებს, ხელახლა წარმოიქმნება იმუნური პასუხიც“, — აღნიშნავს სეტი.
კვლევის მიხედვით, ექვსი თვის შემდეგ ანტისხეულების დონე მნიშვნელოვნად იკლებს. თუმცა, როგორც კროტი აღნიშნავს, ასეთი კლება ფრიად დამახასიათებელია ნებისმიერი ინფექციისათვის და შეშფოთების მიზეზს არ წარმოადგენს.
კორონავირუსზე ორიენტირებული T ლიმფოციტები წლების განმავლობაში სძლებს
მართალია, პანდემია თითქმის ერთი წლის წინ დაიწყო, მაგრამ სეტი და კროტი მხოლოდ რვა თვის წინ ინფექციაგადატანილ პაციენტებს იკვლევდნენ. თუმცა, როგორც ისინი აღნიშნავენ, პაციენტებში B და T ლიმფოციტების დონის კლების ნელი მაჩვენებელი იმას ნიშნავს, რომ ეს უჯრედები იმაზე დიდხანს უნდა სძლებდეს, ვიდრე კვლევაში შესწავლილი დროის მონაკვეთია.
„იმუნური პასუხები მოსალოდნელ პრინციპს მიჰყვებიან და ისინი სტაბილურია სულ მცირე რვა თვის განმავლობაში. ტრაექტორია არ მიუთითებს, რომ რვა თვისა და ერთი დღის შემდეგ ისინი გაქრება“, — ამბობს სეტი.
ვირუსის საპასუხოდ წარმოქმნილი სისხლის თეთრი უჯრედები წლების განმავლობაში სძლებს. მაგალითად, ყვავილის წინააღმდეგ წარმოქმნილი T ლიმფოციტები ინფექციიდან დაახლოებით ათი წლის შემდეგ ქრება, B ლიმფოციტები კი ორგანიზმში თითქმის 60 წლის განმავლობაში რჩება.
კიდევ ერთი კორონავირუსის, ახალთან 80 პროცენტით საერთო გენეტიკური კოდის მქონე SARS-ისადმი სპეციფიკური T ლიმფოციტები ასევე დიდხანს სძლებს.
მკვლევრებმა ივლისში შეისწავლეს SARS-ს გადარჩენილი 23 პაციენტის სისხლის ნიმუშებში არსებული T ლიმფოციტები. SARS-ი მსოფლიოში 2003 წელს გავრცელდა და როგორც აღმოჩნდა, მისადმი მეხსიერების მქონე T ლიმფოციტები ამ ადამიანებში 17 წლის შემდეგ კვლავ არის.
მცირე ოდენობით პაციენტებს „სუსტი იმუნური მეხსიერება“ აქვთ
კროტის კვლევამ დაადგინა, რომ ადამიანთა 90 პროცენტს კორონავირუსისადმი მტკიცე იმუნურობა გამოუმუშავდა ანტისხეულების, T ლიმფოციტებისა და B ლიმფოციტების მხარდაჭერით. თუმცა, ეს სამივე ელემენტი ყველა მათგანს თანაბარი დონით არ განუვითარდა; ირკვევა, რომ კვლევაში მონაწილეთა მცირე ნაწილს მხოლოდ ერთი მათგანი ან არცერთი არ განუვითარდა.
„როგორც ჩანს, ამ პაციენტებს საკმაოდ სუსტი იმუნური მეხსიერება აქვთ და შესაბამისად, შესაძლებელია მათი ხელახლა ინფიცირება საკმაოდ მალევე მოხდეს. ვირუსის დასამარცხებლად, საჭიროა, გქონდეს იმუნური სისტემის მთელი ორკესტრის ერთობლიობა“, — ამბობს კროტი.
ადამიანიდან ადამიანამდე ასეთი ცვალებადობის მიზეზი უცნობია, მაგრამ კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ პაციენტებს, რომლებიც COVID-19-თან ბრძოლაში გამოირჩეოდნენ, ჰქონდათ ერთობლივად მომუშავე იმუნურ უჯრედთა მრავალი ტიპი. ხოლო მათ, რომლებსაც ვირუსთან ბრძოლა გაუჭირდათ, ჰქონდათ მხოლოდ ერთი ტიპის უჯრედები.
თუმცა, როგორც სეტი და კროტი აღნიშნავენ, იქამდე, ვიდრე მეცნიერებს ამ ვირუსის შესასწავლად უფრო მეტი დრო არ ექნებათ, არ არსებობს გზა, რომლითაც ვიწინასწარმეტყველებდით, რამდენ ხანს გასძლებს კონკრეტული პიროვნების იმუნურობა ინფექციის გადატანის შემდეგ.
„არ არსებობს სისხლის სწრაფი ტესტი, რომელიც გვეტყვის, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში შენ ვირუსისადმი იმუნური იქნები. ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, კალიფორნიის ლა-ჯოლას იმუნოლოგიის ინსტიტუტის ვირუსოლოგი შეინ კროტი.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.