გრიპზე აცრა ნამდვილად არ არის იგივე, რაც COVID-19-ზე ვაქცინაცია. ასე რომ იყოს, მსოფლიოში ახლა სრულიად სხვანაირი მდგომარეობა იქნებოდა.
მიუხედავად ამისა, მიჩიგანში ჯანდაცვის მკვლევართა მიერ ჩატარებული ახალი კვლევა დამაინტრიგებელ შედეგებს გვთავაზობს, რომლებსაც მეცნიერები ჯერ სრულად ვერ ხსნიან.
მიჩიგანში, 2020 წლის ივლისამდე COVID-19-ზე გატესტილი 27 000-ზე მეტი პაციენტის სამედიცინო ისტორიის ანალიზის მიხედვით ირკვევა, რომ იმ პაციენტთა შორის, რომლებიც წინა წელს გრიპზე იყვნენ აცრილი, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად ნაკლები იყო.
მნიშვნელოვნად, მაგრამ არა დიდი ოდენობით.
მთლიანობაში, COVID-19-ზე გატესტილი და კვლევაში შესწავლილი 27 201 პაციენტიდან ვირუსზე დადებითი შედეგი 1218-ს აღენიშნებოდა, ანუ 4,5 პროცენტს. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს საშუალო მაჩვენებელია, რომელიც მოიცავს როგორც გრიპზე აცრილ, ისე აუცრელ პაციენტებს.
როდესაც ციფრები კიდევ უფრო დააკონკრეტეს, COVID-19-ზე დადებითი პასუხის ქონის შანსის თვალსაზრისით, მონაცემებში გამოიკვეთა მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი კონტრასტი. ამის დადგენა შესაძლებელი გახდა ისეთი ცვლადების კონტროლის შემდეგ, როგორებიც არის ეთნიკურობა, რასა, გენდერი, ასაკი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ფაქტორები.
მიჩიგანის კოჰორტაში, COVID-19 დაუდასტურდა გრიპზე ვაქცინირებულ პაციენტთა მხოლოდ 4 პროცენტს; იმ ადამიანთა შორის კი, რომლებსაც გრიპის ვაქცინა გაკეთებული არ ჰქონდათ, COVID-19-ზე დადებითობის მაჩვენებელი 4,9 პროცენტი იყო.
სხვაობა არც ისე დიდი ჩანს, მაგრამ მკვლევრებმა მონაცემები ასეც დააჯამეს: COVID-19-ზე დადებითი პასუხის შანსი გრიპზე ვაქცინირებულ პაციენტებში 24 პროცენტით იყო შემცირებული იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც წინა წელს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული არ ჰქონდათ.
შედეგი ნამდვილად საყურადღებოდ ჟღერს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი ეფექტი შედარებით პატარაა COVID-19-ს ვაქცინებით მიღებულ დაცვის მაჩვენებელთან შედარებით.
საინტერესოა, საერთოდ რანაირად შეიძლება მომხდარიყო ასეთი რამ? მკვლევართა განცხადებით, სინამდვილეში საქმე შეიძლება სულ არ ეხებოდეს ვაქცინის მექანიზმს იმდენად, რამდენადაც ადგილი ჰქონდეს მონაცემებში მიკერძოებულობის ეფექტს იმ ადამიანთა ქცევის გამო, რომლებიც ვაქცინაციას ირჩევენ. თუმცა, დაზუსტებით ჯერ არაფერია ცნობილი.
„არ არის გამორიცხული, რომ ის ადამიანები, რომლებიც გრიპზე იცრებიან, უფრო ზედმიწევნით იცავენ სოციალურ დისტანციას და CDC-ის რეკომენდაციებს“, — ამბობს მიჩიგანის უნივერსიტეტის კარდიოლოგი მარიონ ჰოფმან ბოუმანი.
მისივე თქმით, შესაძლებელია ისიც, რომ ადგილი ჰქონდეს გრიპის ვაქცინის პირდაპირ ბიოლოგიურ ეფექტს იმუნურ სისტემაზე, რომელიც რელევანტურია ვირუს SARS-CoV-2-თან ბრძოლაშიც.
ცხადი კი ის არის, რომ რეტროსპექტიულ მონაცემებში COVID-19-ის წინააღმდეგ აშკარა დამცავი ეფექტი პირველად არ დაფიქსირებულა. ასეთივე კავშირის მტკიცებულებას მსოფლიოში ჩატარებულმა რამდენიმე სხვა კვლევამაც მიაგნო; ამას გარდა, როგორც ჩანს ეფექტები COVID-19-ზე უბრალოდ დადებით ან უარყოფით შედეგებს სცდება.
მიჩიგანის უნივერსიტეტის კვლევაში გაირკვა ისიც, რომ გრიპზე ვაქცინირებულ პაციენტებს უფრო ნაკლებად სჭირდებოდათ ჰოსპიტალიზება და სუნთქვის აპარატებით დახმარება. სხვა კვლევები კი მიუთითებს, რომ გრიპზე აცრა არაცრას გავლენა აქვს სიკვდილის რისკზეც, რაც მიჩიგანის კვლევაში არ გამოიკვეთა.
თუ გრიპის ვაქცინის მექანიზმი გარკვეულწილად მართლაც იცავს ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ ამის მტკიცებულება ჯერ არ არსებობს, რა შეიძლება იყოს ეს მექანიზმი?
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ შესაძლო იმუნოლოგიური მექანიზმი შეიძლება იყოს პროცესი, სახელად გაწვრთნილი იმუნიტეტი, რომელშიც პათოგენებთან ურთიერთობა (ამ შემთხვევაში, ვაქცინის ფორმით) იმუნურ სისტემას ჰიპოთეტურად ანიჭებს სხვა საფრთხეებთან შეპასუხების უნარს.
„ამ ‘შეუსაბამო იმუნიტეტმა’ შეიძლება ახსნას არასპეციფიკური ჯვარედინი რეაქტიულობა, რომელიც ვაქცინებს მათთან დაუკავშირებელი პათოგენების წინააღმდეგ აქვთ“, — განმარტავენ მკვლევრები და ხაზს უსვამენ, რომ დამატებითი კვლევებია საჭირო იმის დასადგენად, მართლაც ხდება თუ არა ამ შემთხვევაში ასეთი ფენომენი.
ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე არ ვიცით, რა ხდება რეალურად (და საჭიროა კვლევა), ეჭვგარეშეა, რომ ეს გრიპის ვაქცინების კიდევ ერთი სარგებელია, განსაკუთრებით პანდემიის ხანაში.
„მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვაქცინების უდიდესი სარგებელი ჯანმრთელობისთვის არის გრიპისგან დაცვა, COVID-19-ისგან დაცვის დამატებითი, პოტენციური სარგებელი შეიძლება საკმარისი სტიმული იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გრიპზე აცრისგან თავს იკავებენ“, — წერენ მკვლევრები.
მათივე განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გრიპის ვაქცინასა და COVID-19-ის პრევენციას შორის პირდაპირი კავშირი მინიმალურია, დიდი ოდენობით პაციენტში შემთხვევათა ზოგადი კლება ან გრიპისგან გართულებებით ჰოსპიტალიზების საჭიროების არქონა უკვე სერიოზული შედეგია და მნიშვნელოვნად ზოგავს ჯანდაცვის რესურსებს COVID-19-თან საბრძოლველად.
კვლევა ჟურნალ American Journal of Infection Control-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.