ახალი კვლევების მიხედვით, ჩინეთში კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის ოქტომბრის თვეში დაიწყო
ახალი კვლევების მიხედვით, ჩინეთში კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის ოქტომბრის თვეში დაიწყო.
ინფორმაცია სააგენტო „როიტერზე“ ვრცელდება.
ბრიტანეთის კენტის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომლებმაც კონსერვირების მეთოდი გამოიყენეს, ჩინეთში კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის ოქტომბრის დასაწყისიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე პერიოდში დაიწყო და 2020 წლის იანვრისთვის უკვე მასობრივად იყო გავრცელებული მთელ მსოფლიოში.
COVID-19-ის პირველი ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა ჩინეთში, ქალაქ უხანში დაფიქსირდა, თუმცა ახალი კვლევების მიხედვით, ვირუსის ადრეულ ვარიანტებს არ აქვთ უხანში დაფიქსირებულ ვარიანტთან კავშირი, რაც ადასტურებს, რომ SARS-Cov-2 უკვე ცირკულირებდა ქვეყანაში. მკვლევრების ინფორმაციით, უხანის ბაზარში გავრცელებული ვარიანტი ვირუსის ადრეული ვარიანტის მუტირებულ ვერსიას წარმოადგენდა.
ახალი კვლევები გამოაქვეყნეს ავსტრალიელმა მეცნიერებმაც. მათი ინფორმაციით, ვირუსის გენომზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ SARS-Cov-2 ადვილად უკავშირდება ადამიანის რეცეპტორებს, რაც ადასტურებს, რომ ვირუსი მანამ იყო შეგუებული ადამიანის ორგანიზმს, სანამ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, ავსტრალიის ვესტმიდი საავადმყოფოს ინფექციონისტ დომინიკ დუაიერის თქმით, ადამიანის რეცეპტორებთან ვირუსის ადვილი დაკავშირება არ ნიშნავს, რომ ვირუსი ხელოვნურადაა შექმნილი. ავსტრალიელ მეცნიერთა აზრით, უნდა ყოფილიყო კიდევ ერთი გადამტანი ცხოველი, რომლისგანაც ვირუსის ადრეული ვარიანტი გავრცელდა.
ჩინეთმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უხანის ბაზარში დაფიქსირებულ ვარიანტზე კვლევები 2020 წლის მარტის თვეში ჩაატარეს, რომლის შედეგები სეკვენირების არქივში (SRA) გააგზავნეს. აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიხედვით, ნიმუში მოგვიანებით ჩინელი მკვლევრების მოთხოვნით წაშალეს, რომელთა განცხადებით, ნიმუშების განახლება და სხვა არქივში გადატანა მოხდებოდა.
კრიტიკოსების აზრით, ნიმუშის წაშლა კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ჩინეთი „კოვიდ-19“-ის წარმოშობის დამალვას ცდილობს.