„ახალი კვირის“ ექსკლუზივი - ახალი მტკიცებულებები გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე
„ახალმა კვირამ“ სამი წლის წინ, რუსთავში მდებარე ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის რეზონანსულ საქმეზე ახალი მტკიცებულებები მოიპოვა, რომელიც ამ დრომდე გახმაურებული არ იყო.
პროკურატურის მტკიცებით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და მოწმეების ჩვენებები ამავე ბაზრობის ყოფილი მეწილის, გიორგი ჭანტურიას დანაშაულზე მიუთითებს.
ე.წ. სტამბოლის ბაზრობის სათვალთვალო კამერა მკვლელობამდე სამსონ ქუთათელაძის ბოლო კადრს 16:42 საათზე გიორგი ჭანტურიასთან ერთად აფიქსირებს. ისინი მიდიან სამსონ ქუთათელაძის ოფისის მიმართულებით და შედიან ქუთათელაძის კაბინეტში. თითქმის სამ წუთში – 16:44:47 წამზე ქუთათელაძის ოფისის უკანა ტერიტორიაზე ერთ-ერთი ობიექტის კამერა აფიქსირებს, გიორგი ჭანტურია როგორ ტოვებს ტერიტორიას საკუთარი ავტომანქანით, „შკოდით“. პროკურატურის მტკიცებით, დროის ამ მონაკვეთში მოკლა ჭანტურიამ ქუთათელაძე.
გამოძიების თანახმად, ქუთათელაძესთან ოფისში ამ დროს მხოლოდ გიორგი ჭანტურია იმყოფებოდა. „ახალმა კვირამ“ მოიპოვა მოწმეების ჩვენებებიც, რომლებიც აღწერენ, რომ ქუთათელაძის კაბინეტში არავინ იმყოფებოდა, შემდგომ დაინახეს კაბინეტში ქუთათელაძის და ჭანტურიას შესვლა, დაინახეს ოფისის უკანა კარის მხრიდან იარაღით ხელში ჭანტურიას გასვლა, რამდენიმე წუთში კი სამსონ ქუთათელაძის ცხედარი აღმოაჩინეს.
საგამოძიებო მასალებით იკვეთება, რომ მკვლელობას წინ უძღოდა ქუთათელაძეს და ჭანტურიას შორის რამდენიმე კონფლიქტი.
რუსთავის სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია პროკურატურის მტკიცებულებები და გიორგი ჭანტურია 2020 წლის 12 ივნისს სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში უდანაშაულოდ ცნო. სამი წლის შემდეგ მოკლულის ოჯახს იმედი აქვს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო შეცვლის განაჩენს და გენერლის მკვლელი დაუსჯელი არ დარჩება.
ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას დამცველი ქუთათელაძესთან მისი დაცვის ქვეშ მყოფის კონფლიქტს უარყოფს. ბექა ბასილაია გიორგი ჭანტურიას სამსონ ქუთათელაძესთან კაბინეტში შეხვედრაში საეჭვოს ვერაფერს ხედავს. მოწმეების ჩვენებებს კი შეკვეთილს უწოდებს და განმარტავს, საინტერესოა შვიდი თვის შემდეგ რატომ მისცეს მოწმეებმა ჭანტურიას წინააღმდეგ ჩვენება.
გენერალ-მაიორი სამსონ ქუთათელაძე 2018 წლის 15 იანვარს ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე საკუთარ კაბინეტში მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია რუსთავის სასამართლომ გაამართლა. მას ექვსწლიანი პატიმრობა მხოლოდ იარაღის ბრალდებით აქვს მისჯილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჭანტურიას საქმის განხილვა უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროკურატურა ქუთათელაძის მკვლელობაში ჭანტურიას დამნაშავედ ცნობას ითხოვს.