ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ჩინეთის ყველა რეგიონში ფიქსირდება
ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა მსოფლიოში უკვე 170 ადამიანს მიაღწია. „ბიბისის“ ცნობით, ვირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა ტიბეტშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი უკვე გავრცელებულია კონტინენტური ჩინეთის ყველა რეგიონში.
ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის ცნობით, 29 იანვრის მონაცემებით, ფიქსირდება ვირუსით ინფიცირების 7711 დადასტურებული შემთხვევა.
ამ დროისათვის, ინფექცია უკვე გავრცელებულია 18 სხვა ქვეყანაშიც.
ამის ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
ამ ეტაპზე, ჩინეთში უკვე ინფიცირებულია იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე 2000-იანი წლების დასაწყისში მწვავე რესპირატორული სინდრომის (Sars) ეპიდემიისას. თუმცა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ახლა გაცილებით დაბალია. Sars-იც კორონავირუსის ერთ-ერთი ტიპია, რომელიც მწვავე რესპირატორულ დაავადებას იწვევს.