ლევან რატიანის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 72 წლის ქალია, რომელსაც ქრონიკული პათოლოგიები აღენიშნებოდა
ლევან რატიანის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 72 წლის ქალია, რომელსაც ქრონიკული პათოლოგიები აღენიშნებოდა

პაციენტი, რომელიც ახალი კორონავირუსით დაიღუპა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, დაღუპულია 72 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში 14 აპრილს შეიყვანეს.

მისი თქმით, ქალბატონს აღენიშნებოდა კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ასევე ქრონიკული პათოლოგიებით დატვირთული ანამნეზი – გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, მორბიდული სიმსუქნე.

„სამწუხაროდ, დღეს დილისთვის ერთი პაციენტის ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა. ეს არის 72 წლის ქალბატონი, რომელიც კლინიკაში 14 აპრილს შემოვიდა. ძირითადი დიაგნოზი არის კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე მიოკარდიულ-ვირუსული ენდოკარდიტის დიაგნოზით, სეფსის, სეპტიური შოკი, ანამნეზი დატვირთული ქრონიკული პათოლოგიებით. ანამნეზში ამ ქალბატონს აღენიშნებოდა გულის უკმარისობა მეორე, მესამე კლასის; არტერიული ჰიპერტენზია; მორბიდული სიმსუქნე. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, სამწუხაროდ ამ დილისთვის დაფიქსირდა გულის გაჩერება, ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დღეს კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. „კოვიდ-19“-ით ქვეყანაში სულ რვა პაციენტია გარდაცვლილი.