ახალი კორონავირუსის დადგენა დღეიდან საქართველოშიც იქნება შესაძლებელი
ახალი კორონავირუსის დადგენა დღეიდან საქართველოშიც იქნება შესაძლებელი

ახალი კორონავირუსის დადგენა დღეიდან საქართველოშიც იქნება შესაძლებელი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ქართულ მხარეს პარტნიორებთან ჰქონდა მოლაპარაკება, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ საქართველო მიიღებს შესაბამის ტესტებს, რომელთა საშუალებით, ახალი კორონავირუსის დიაგნოსტირება საქართველოშიც გახდება შესაძლებელი.

„ჩვენ 99,99 პროცენტით გვექნება ლაბორატორიული საშუალება ლუგარის ცენტრში ამის დასადგენად. ჩვენს პარტნიორებთან იყო მოლაპარაკება და გვექნება ყველაფერი, რაც საჭიროა ამ ქვეტიპის საბოლოო ლაბორატორიული დიაგნოსტირებისთვის. შესაბამისად, აღარ იქნება სინჯების რეფერალურ ცენტრებში გადაგზავნის აუცილებლობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს მოქმედი პრაქტიკით, პაციენტის ბიოლოგიურ მასალას ჯერ ლუგარის ლაბორატორიაში იკვლევენ, სადაც ხორციელდება გამოკვლევა რამდენიმე ათეულ ვირუსზე, რომელთა შორის ახალი კორონავირუსი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ არცერთი მათგანი არ დადასტურდა, მასალა საზღვარგარეთ არსებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რათა დადგინდეს, შეიცავს თუ არა ის ახალ კორონავირუსს. ეს პროცედურა რამდენიმე დღეს მოიცავს. სავარაუდოდ, უკვე ხვალიდან კი ანალიზების უცხოეთში გაგზავნა საჭირო აღარ იქნება და ახალ კორონავირუსზე მასალა ადგილზე შემოწმდება, რაც დიაგნოზის სწრაფად დასმის საშუალებას იძლევა.

ამასთან, როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ოთხი პაციენტია დაკვირვების ქვეშ. სამი მათგანი საქართველოში გამოკვლეული არიან 22 რესპირატორულ ვირუსზე, ორი ადამიანის სინჯები კი, გადაგზავნილია როტერდამში.

რაც შეეხება მეოთხე პაციენტს, ის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ საღამოს შეიყვანეს. მამაკაცი ჩინეთიდან საქართველოში ტრანზიტული რეისით დაბრუნდა და აეროპორტში შემოწმებისას დაბალი ტემპერატურა დაუფიქსირდა. ის ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.