ახალი კალედონიის დედაქალაქ ნუმეას მერი აცხადებს, რომ ქალაქი ამბოხებულების ალყაშია
ახალი კალედონიის დედაქალაქ ნუმეას მერი აცხადებს, რომ ქალაქი ამბოხებულების ალყაშია

ახალი კალედონიის დედაქალაქ ნუმეას მერის განცხადებით, ქალაქი ამბოხებულების ალყაშია.

სონია ლაგარდის თქმით, ამბოხებულებმა მრავალ საჯარო დაწესებულებას ცეცხლი წაუკიდეს და მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული, სიმშვიდის უზრუნველყოფა ვერ ხდება.

ორმხრივი ცეცხლის შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა. ბოლო მონაცემებით, არეულობის შედეგად სულ ექვსი ადამიანია დაღუპული. სამართალდამცველებმა 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მედიის ცნობით, საფრანგეთიდან კუნძულზე დამატებით 1000 ოფიცერი გაიგზავნა, რომლებიც ადგილზე მყოფ 1700-მდე სამხედროსთან ერთად შეეცდებიან უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, პოლიციამ ნუმეასა და აეროპორტს შორის დამაკავშირებელ 60კმ-იან გზაზე კონტროლის დასაბრუნებლად მასშტაბური ოპერაცია დაიწყო.

არეულობა არქიპელაგზე გასულ კვირას, მას შემდეგ დაიწყო, რაც პარიზში კანონმდებლებმა კენჭი უყარეს ცვლილებებს, რომლებიც საფრანგეთის რეზიდენტებს ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობას მისცემს, რამაც კუნძულოვანი სახელმწიფოს მკვიდრ მოსახლეობაში, კანაკებში უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო რეფორმა ქვეყნის მმართველ ორგანოებში მათ პოლიტიკურ გავლენას ამცირებს. არქიპელაგზე მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა და ღამით კომენდანტის საათი. ასევე, აკრძალულია საჯარო შეკრებები, ალკოჰოლის გაყიდვა და იარაღის ტარება.