ახალი ინფიცირებულებიდან ორი პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ორი ახალი კოვიდინფიცირებული ჰყავს, ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
ამასთან, როგორც საქართველოს პირველ არხს კლინიკაში განუცხადეს ახალი პაციენტები 25 და 63 წლის ქალბატონები არიან.
გარდა ორი ახალი პაციენტისა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კიდევ 15 ინფიცირებული მკურნალობს. ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. ორი მძიმე პაციენტიდან ერთ-ერთი მარნეულში ინფიცირებული 62 წლის ქალბატონია.
„ჩვენს კლინიკაში არის 17 დადასტურებული შემთხვევა. რეანიმაციაში გვყავს რამდენიმე კრიტიკული პაციენტი, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა. რამდენიმე ახალშობილიც გვყავს, მათი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ ამ ეტაპზე მართვადია, ვინაიდან არც ერთი არ იმყოფება მართვით სუნთქვაზე. დანარჩენი პაციენტები იმყოფებიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. სამის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, ამ დღეებში გავგზავნით განმეორებით ტესტებს „კოვიდ-19“-ზე, თუ მოვიდა ორჯერადად უარყოფითი, რამდენიმე დღეში დატოვებენ კლინიკას. ამ ეტაპამდე, ჩვენს კლინიკაში მყოფი ინფიცირებულების მდგომარეობა მართვადია“, – განაცხადა ლევან რატიანმა და აღნიშნა, რომ სტაბილურია ფეხმძიმე პაციენტის მდგომარეობაც.
ამასთან, გარდა კორონავირუსით 17 ინფიცირებულისა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 50 პაციენტს აკვირდებიან. ისინი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით საკარანტინო ზონებში გადანაწილდებან, ან დარჩებიან კლინიკაში და მკურნალობას გააგრძელებენ.
„დანარჩენი 50 არის საეჭვო შემთხვევა. მოგეხსენებათ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მოგზაურობის მცნება ამოიღო და აქედან გამომდინარე, ყველა, ვინც შემოვა ჩვენს კლინიკაში, აქვს თუ არა მოგზაურობის ისტორია, ანამნეზი – ცხელება, პლიუს სუნთქვის უკმარისობა ექვემდებარება გამოკვლევას კოვიდინფექციაზე. გუშინ რამდენიმე უარყოფითი პასუხი მივიღეთ. დღეს გადამოწმდება პარაკლინიკური კვლევები და თუ აკმაყოფილებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნებს, დატოვებენ კლინიკას და გადავლენ საკარანტინო ზონაში“, – განაცხადა რატიანმა.
ამასთან, მან ე.წ. სწრაფ ტესტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული პაციენტების შემთხვევაში ასეთი ტესტები ჯერ არ გამოუყენებიათ.
„ვინაიდან ჩვენ ვართ სახელმწიფო კლინიკა და ვექვემდებარებით მთავრობის დადგენილებას, როგორც ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა გადაწყვეტს, გვეტყვის, უნდა იმოქმედოთ ამ კანონით – ვიმოქმედებთ ამ კანონით. ამ ეტაპამდე ჩვენს კლინიკაში „სწრაფი ტესტი“ არ ყოფილა და არ ჩატარებია არც ერთ პაციენტს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 98 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 18 გამოჯანმრთელებულია.