კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პირებს სიმპტომები შესაძლოა, თვეების განმავლობაში გაუხანგრძლივდეთ
ბოლო პერიოდში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ პაციენტებს მწვავე „კოვიდ-19“-სგან გამოჯანმრთელების შემდეგ შესაძლოა, თვეების მანძილზეც გაუხანგრძლივდეთ ან ხელახლა გარკვეული დროის გავლის შემდეგ კვლავ გამოუვლინდეთ ამ ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. უცნობია, რამდენი ხნის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნული მდგომარეობა.
ამის შესახებ მოზრდილ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში „კოვიდ-19“-ის კლინიკური მართვის გაიდლაინშია ნათქვამი, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცდა. გაიდლაინში აღნიშნულია, რომ ჯერჯერობით არ არსებობს მკაფიო განსაზღვრება და სხვადასხვა ავტორი ამ მდგომარეობას სხვადასხვა სახელით მოიხსენიებს: „გახანგრძლივებული კოვიდი“, „პოსტ-კოვიდური სინდრომი“, „პოსტ-მწვავე „კოვიდ-19“-ის სინდრომი“.
„პაციენტთა უმრავლესობა მარტივად უმკლავდება ვირუსს და რამდენიმე კვირაში უბრუნდება ინფიცირებამდე მდგომარეობას. თუმცა რიგ შემთხვევებში, მსუბუქი მიმდინარეობის „კოვიდ-19“-ით პაციენტებშიც კი, აღინიშნება სიმპტომების გახანგრძლივება საწყისი გამოჯანმრთელების შემდეგ. SARS-CoV-2 აზიანებს ფილტვებს, გულს, სისხლძარღვებს, თავის ტვინს და სხვ. რაც ზრდის „კოვიდ-19“-ის შემდგომ ჯანმრთელობის პრობლემების განვითარების რისკს. თუმცა პოსტ-კოვიდური სიმპტომების გამოვლენის მიზეზი არის ფუნქციური, თუ მას საფუძვლად უდევს ორგანული დაზიანება (მაგ. ფილტვებში ფიბროზული ცვლილებები და სხვ.), ჯერ კიდევ დასადგენია. ხანდაზმული და/ან თანმხლები დაავადებების მქონე „კოვიდ-19-ით პაციენტები აღნიშნული მდგომარეობის ჩამოყალიბების შედარებით გაზრდილი რისკის ქვეშ არიან, მაგრამ ახალგაზრდა, სხვა მხრივ ჯანმრთელ პაციენტებსაც შეიძლება განუვითარდეთ გახანგრძლივებული „კოვიდ-19“, – ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მსგავსი მდგომარეობა აღენიშნება არაკრიტიკულად მძიმე „კოვიდ-19“-ით პაციენტთა 68%-ს დაავადების დაწყებიდან 30-ე დღეს და 66%-ს მე-60 დღეს (Carvalho-Schneider, October 2020), თუმცა სხვა კვლევებში განსხვავებული მონაცემებია.
ყველაზე ხშირად გამოვლენილი სიმპტომებია: ზოგადი სისუსტე; სუნთქვის გაძნელება, ქოშინი; ხველა; ტემპერატურის მატება; დეპრესია; უძილობა; შფოთი; სახსრების ტკივილი; გულმკერდის ტკივილი.
გახანგრძლივებული „კოვიდ-19“-ის სიმპტომები ასევე მოიცავს: თავის ტკივილს; კუნთების ტკივილს; ტაქიკარდიას; ყნოსვის ან/და გემოს დაკარგვას; მეხსიერების, კონცენტრაციის დაქვეითებას; გამონაყარს; თმის ცვენას; უმადობას.
გაიდლაინის თანახმად, თუ ზემოთაღნიშნული სიმპტომების ინტენსივობა არ იზრდება ან განსაკუთრებულ დისკომფორტს არ უქმნის პაციენტს, სპეციფიკური მკურნალობა საჭირო არ არის. მთავარია, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს პაციენტი აქტიურ ცხოვრებას და ფიზიკური გაჯანსაღება უმეტეს შემთხევევაში გააუმჯობესებს მდგომარეობას. თუმცა, გახანგრძლივებული კოვიდის/პოსტ-კოვიდის პრობლემა ახალია, ბოლომდე შესწავლილი არ არის და შესაბამისად დამოკიდებულება ამ სინდრომის და მისი მართვის თაობაზე შეიძლება შეიცვალოს.
„თუ ზემოთაღნიშნული სიმპტომების ინტენსივობა არ იზრდება ან განსაკუთრებულ დისკომფორტს არ უქმნის პაციენტს, სპეციფიკური მკურნალობა საჭირო არ არის. მთავარია, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს პაციენტი აქტიურ ცხოვრებას და ფიზიკური გაჯანსაღება უმეტეს შემთხევევაში გააუმჯობესებს მდგომარეობას“, – ნათქვამია დოკუმენტში.