უკრაინის შს მინისტრის სახლთან „ახალი ძალების მოძრაობამ“ აქცია გამართა
კიევში, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის სახლთან მიხეილ სააკაშვილის პარტიამ, „ახალი ძალების მოძრაობამ“ საპროტესტო აქცია გამართა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა რადასთან კარვების ბანაკის დაშლა გააპროტესტეს და არსენ ავაკოვის გადადგომა მოითხოვეს.
დემონსტრაციაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა. მომიტინგეებმა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე რეფორმების წარუმატებლობაში და კორუფციულ სქემებში დაადანაშაულეს.
„ახალი ძალების მოძრაობამ“ მხარდამჭერებს 18 მარტს კიევში დამოუკიდებლობის მოედანზე დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ და მაღალჩინოსნების სახლების პიკეტირებისკენ მოუწოდა.