ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ ორმა მოსწავლემ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა და სწავლის გაგრძელება ვეღარ მოახერხა
ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. გამშვები საგუშაგოს ჩაკეტვამ ახალგორელებს ჰუმანიტარული პრობლემები შეუქმნა.
დე ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილებამ პრობლემები შექმნა განათლების მიღების კუთხითაც.
ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ რამდენიმე მოსწავლემ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნება ვეღარ შეძლო.
ოკუპირებული ახალგორის ქართული საჯარო სკოლის ორი მოსწავლე ამ დროისთვის საგაკვეთილო პროცესს, როგორც თავისუფალი მსმენელი, წეროვანის ნომერ მე-3 საჯარო სკოლაში ესწრება.
ეს ინფორმაცია პირველ არხს წეროვანის მე-3 საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილმა დაუდასტურა.
„იმ პედაგოგებიდან, რომლებიც ახალგორში მუშაობენ, რამდენიმეს ვიცნობ. ისინი გადავიდნენ ახალგორში. რაც შეეხება ბავშვებს, ყველაზე მტკივნეულია, რომ ირღვევა მათი ფუნდამენტური უფლება, მიიღონ განათლება. თავისუფალი მსმენელის სტატუსი სკოლაში არ არსებობს. ბავშვები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო სწავლობენ ოკუპირებულ ახალგორში, აქეთ იყვნენ გამოსული, ელოდებოდნენ გზის გახსნას და დარჩნენ. სკოლამ დაუშვა ჰუმანიტარული გამონაკლისი და ეს მოსწავლეები ესწრებიან საგაკვეთილო პროცესს. გზის გახსნის შემდეგ მათი არჩევანი იქნება, გადავლენ და იქ გააგრძელებენ განათლების მიღებას, თუ უბრალოდ აქ გადმოიგზავნება მათი პირადი საქმეები, რის შემდეგაც ბავშვები ექსტერნატის წესით ჩააბარებენ გამოცდას და შესაბამისი კლასის მოსწავლეები ოფიციალურად გახდებიან“ ,- განაცხადა ირმა ტატიშვილმა.
ერთ-ერთი მოსწავლის მშობელის განცხადებით, ჯერჯერობით საბუთების გადმოტანას არ ფიქრობს: „გზა რომ გაიხსნება, გვინდა შესვლა, ჩვენ დაშვებას ვადა აქვს გასული. ბავშვი დაბრუნდება აუცილებლად. არ ვიცით, როგორ მოხერხდება, ხუთი თვეა, აქვს გაცდენა და ალბათ ექსტერნად ჩააბარებინებენ გამოცდას. არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჯერ ვერც ვბრუნდებით. პერევიდან კი არის შესაძლებელი შესვლა, მაგრამ პერევის გზა შორია და ბავშვს მარტო ვერ გავუშვებთ. ახლა აქ, წეროვანის საჯარო სკოლაში ესწრება გაკვეთილებს. ჯერჯერობით არ ვფიქრობთ საბუთების გადმოტანას“.
შეგახსენებთ, ოკუპირებული ახალგორი უკვე ხუთი თვეა, ჩაკეტილია.