ქეთევან ციხელაშვილი - ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ამოქოლვა არის ჰუმანიტარული კრიზისის გამომწვევი
ქეთევან ციხელაშვილი - ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ამოქოლვა არის ჰუმანიტარული კრიზისის გამომწვევი

ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ამოქოლვა და ჩაკეტვა არის პირდაპირ ჰუმანიტარული კრიზისის გამომწვევი, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვა არის ძალიან დიდი პრობლემა. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ეს საკითხი ყველა საერთაშორისო ასპარეზზე მათთვის ყველაზე მთავარია, რათა ინფორმირებულნი იყვნენ პარტნიორები და რაც მთავარია, ეს ინფორმირებულობა ზეწოლაში გადაიზარდოს.

„ჩვენ არც საერთაშორისო და არც სხვა ფორმატების გამოყენებას არ ვერიდებით, რათა ეს უდიდესი ჰუმანიტარული პრობლემა იქნას დაძლეული. პირდაპირ ვამბობ, ეს ზომა, გადასასვლელის ჩაკეტვა, არის ადამიანის მძევლად აყვანა. არამხოლოდ ქართველების, რომელთაც ყველაზე მეტად ურტყამს ასეთი არამართლზომიერი და ჰუმანურობისგან სრულიად დაცლილი ზომა, არამედ ოსებისთვისაც, რომლებიც ჯერ კიდევ დარჩნენ ცხინვალის რეგიონში.

80%-ზე მეტით არის დაცარიელებული ეს რეგიონი. რა თქმა უნდა, დიდი წილი არის დევნილებზე, რომლებიც საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდებიან, მაგრამ სხვები, ვისაც კი შეუძლიათ, გარბიან რეგიონიდან, რადგან იქ განვითარების ნულოვანი პერსპექტივაა. საუბედუროდ, ამ რეგიონში ძალიან რეგულარული პრაქტიკაა საბჭოთა თარიღების აღნიშვნა, ყელსახვევების ტარება, საბჭოთა ლიდერების პორტრეტების ფონზე სიმღერა – ეს არის ტრაგიკული, რადგან ამაში ჩართულები არიან ახალგაზრდები, ბავშვები და ამას შეფასება არ სჭირდება, ეს არის წარსულისაკენ, რომელიც დაინგრა და უნდა დანგრეულიყო, ფაქტობრივად მიქაჩვის მცდელობა, ნაცვლად იმისა, რომ მომავლისკენ ჰქონდეთ რაიმე პერსპექტივა“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.