ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების პარალელურად, ჯგუფური ეტაპის თამაშებიც ჩატარდა.
“ა” ჯგუფში მოსკოვის ცსკა-ს 19-წლამდელთა გუნდმა ლისაბონის “ბენფიკას” თანატოლები მიიღო და 2:0 დაამარცხა. ეს “ა” ჯგუფში რუსი არმიელების პირველი გამარჯვება გახლდათ.
ცსკა-ს მოგებაში დიდი როლი წარმოშობით ქართველმა ნიკიტა მაცხარაშვილმა ითამაშა – 18 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა 72-ე წუთზე ანგარიში გახსნა – ეს ლიგაში მისი პირველი გოლი გახლდათ, აქამდე კი თავი ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
მაცხარაშვილმა მოედანი 83-ე წუთზე დატოვა, მის ნაცვლად კი ასევე ქართველი შევიდა – 17 წლის კონსტანტინე მარადიშვილი, რომელიც ასევე ნახევარმცველია. ორივე მათგანი რუსეთის მოქალაქეა.
ცსკა-მ 5 ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა დააგროვა და შემდეგ ეტაპზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა.